ჩერნობილი: პირველი ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

Sputnik

ატომური ენერგეტიკის ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი ავარია 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ჩერნობილის კატასტროფის საარქივო სურათები.

კატასტროფა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ატომურ ენერგეტიკაში ყველაზე დიდი ავარია იყო: მთლიანად განადგურდა რეაქტორის აქტიური ზონა, ნაწილობრივ დაინგრა ენერგობლოკის შენობა, გარემო დაბინძურდა რადიაქტიური ნივთიერებებით.

ჩერნობილის ატომური სადგური იმ დროისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო. ეს იყო სამხედრო-სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საბჭოთა არმიის სქემაში შედიოდა. 25 აპრილს მეოთხე ბლოკზე დაიწყო გეგმიური სამუშაოებისთვის მზადება, რაც ატომურ სადგურებზე გენერატორის მაჩვენებლების შესაცვლელად რეაქტორის გამორთვის წინ ტარდება. რეაქტორის უსაფრთხოდ გამორთვა ვერ მოხერხდა. 01:23 საათზე ენერგობლოკზე მოხდა აფეთქება და გაჩნდა ხანძარი.

ატომური რეაქტორის მუშაობის შეფერხება სხვადასხვა მიზეზებმა გამოიწვია. გარდა იმისა, რომ რეაქტორი არ იყო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი, ავტომატური მართვისა და კონტროლის დონე ძალიან დაბალი იყო. იმ ღამეს იმართებოდა ტურბოგენერატორის ინერციული ბრუნვის გაზომვა. საწვავის გადახურება რეაქტორის აქტიური ზონის განადგურების მიზეზად იქცა.

ოფიციალური მონაცემებით, ჩერნობილის კატასტროფას დაახლოებით 600 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ოფიციალური დოკუმენტებით, ავარიის მსხვერპლები რამდენიმე კატეგორიად დაიყო. ყველაზე დიდი ჯგუფი შედგება 200-240 ათასი ადამიანისგან, რომლებიც იყვნენ მაშველები, ჯარისკაცები, მეხანძრეები და მილიციელები, რომლებიც მავნე ნივთიერებების გამწმენდ სამუშაოებს ატარებდნენ. შემდეგი ჯგუფი 116 ათასი ადამიანისგან შედგება, რომლებიც ჩერნობილის მახლობლად ცხოვრობდნენ. კიდევ 220 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიებიდან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დაბინძურებულ ტერიტორიებზე დღემდე ცხოვრობს დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი. ჩერნობილის კატასტროფის შედეგად ჯამში 10 მილიონამდე ადამიანი მიიჩნევა დაზარალებულად.

1 / 17
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ექსპერიმენტის დაწყებიდან 40-60 წამში, 01:23 საათზე ორი დიდი აფეთქება მოხდა
2 / 17
სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რომ უსაფრთხოების სისტემა გამოირთო და ექსპლუატაციიდან გამოვიდა პირველი აფეთქების გამო, რადიაციული ორთქლისა და წყალბადის კომბინაციამ რეაქტორის სახურავი გაანადგურა
3 / 17
რამდენიმე წამში გაისმა მეორე აფეთქებაც
4 / 17
თვითმხილველთა თქმით, პირველ აფეფთქებას წითელი ალი მოჰყვა, მეორე აფეთქების შემდეგ კი ხანძარი ცისფერი შეფერილობის იყო
5 / 17
ავარიის შემდეგ რეაქტორები გამორთეს, ელექტროსადგურის მართვა ავარიულ რეჟიმში მიწისქვეშა ბუნკერიდან მიმდინარეობდა
6 / 17
ავარიის ლიკვიდაციის პირველი ეტაპი იყო ხანძრის ჩაქრობა
7 / 17
სახანძრო დაცვა ჩერნობილისა და პრიპიატის მეზობელი ქალაქების მეხანძრეებთან ერთად ხანძარს სამი საათის განმავლობაში აქრობდნენ
8 / 17
მეხანძრეებმა, რომლებიც კატასტროფის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ, არ იცოდნენ ავარიის მიზეზები, მათ უბრალოდ წყლით ჩარეცხეს განადგურებული რეაქტორი ხანძრის ჩასაქრობად, თუმცა რეაქტორში წვას განაგრძობდა გრაფიტი
9 / 17
ამან გაართულა სიტუაცია, და გამოიწვია რამდენიმე მცირე აფეთქებაც, რის შედეგადაც გამოიფრქვა დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები
10 / 17
რადიაციული გამონაჟონების გამო დაბინძურდა უახლოესი ტერიტორიები, მოგვიანებით კი რადიაცია საკმაოდ დიდ მანძილზეც გავრცელდა
11 / 17
რადიაციის გავრცელების შესაჩერებლად რეაქტორში ჩაყარეს ხუთი ათასი ტონა ბორი, დოლომიტი, ქვიშა, თიხა და ტყვიის ნაერთები, რომლებისაც ვერტმფრენიდან ყრიდნენ
12 / 17
გადმოყრილმა ნივთიერებებმა გრაფიტის წვა შეაჩერა
13 / 17
აფეტქებიდან ორი კვირის შემდეგ საბჭოთა სახელმწიფო ორგანოებში მიიღეს გადაწყვეტილება, დაეკეტათ განადგურებული ენერგობლოკი
14 / 17
ენერგობლოკი რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში მოაქციეს ავტონომიური გაგრილების სისტემით
15 / 17
აფეთქების შედეგად რადიაციულმა გამონაჟონებმა 1,5 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია
16 / 17
სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარმა რადიაციული ღრუბელი გაფანტა სკანდინავიის ტერიტორიის თავზე, მეორე დაბინძურებული ღრუბელი პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიის გავლით წავიდა
17 / 17
განსაკუთრებით დიდი ზიანი მიადგა ბელარუსისა და უკრაინის ტეიტორიებს, ამიტომ ზოგიერთი ქალაქის მოსახლეობის სამუდამოდ ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს