ხანძარი მეტროში: კალაძე კაბელების შეცვლის პირობას დებს

თბილისის მეტროში ელექტრომომარაგებისა და სავენტილაციო სისტემებს ორ წელიწადში შეაკეთებენ.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ძალოვანი კაბელების განახლება თბილისის მეტროში, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს დაიწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მეტროს სადგურ „გოცირიძესთან" ხანძრის შემდეგ.

კალაძემ დაათვალიერა აღდგენითი სამუშაოები, რაც თბილისის მეტროში ხანძრის შემდეგ დაიწყო. გუშინ თბილისის მეტროპოლიტენის პირველმა ხაზმა მუშაობა დაახლოებით ერთი საათით შეაჩერა. მიზეზი მეტროს სადგურ „გოცირიძესთან" არსებულ მიწისზედა ელექტროსადენებზე გაჩენილი ხანძარი იყო.

მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ ელექტროძაბვის ხაზები დაიწვა>>

კალაძის თქმით, მეტროს კაბელების განახლების სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის დახმარებით განხორციელდება. ბანკმა ამისთვის 17 მლნ აშშ დოლარი გამოყო.

„ამ პროექტის ფარგლებში შევძლებთ, რომ მეტროში გვექნება ახალი, განახლებული, თანამედროვე ტიპის კაბელი, რაც ყველა განვითარებულ ევროპულ ქალაქში არის ანალოგიური და თბილისშიც ასე იქნება. სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, ტენდერი უკვე გამოცხადებული იყო. გვყავს გამარჯვებული კომპანია. კაბელი უკვე შეკვეთილია და ველოდებით მის ჩამოსვლას", – განაცხადა კალაძემ თავის ვიდეობლოგში.

ძალოვანი კაბელები განახლდება მეტროს ყველა სადგურზე. საუბარია დაახლოებით 450 კილომეტრ კაბელზე. მერის განცხადებით, სრულად განახლდება სავენტილაციო სისტემებიც. ასევე დაგეგმილია 15 ვაგონის რემონტი. რაც შეეხება ვაგონებს, რომლებიც გარემონტებას აღარ ექვემდებარება, ისინი ახლით შეიცვლება. მთლიანობაში სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სააღდგომოდ თბილისში მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

ბოლო დროს მეტროში პრობლემები გახშირდა. კაბელები და სავენტილაციო სისტემა არ გამოუცვლიათ მას შემდეგ, რაც მეტროპოლიტენის პირველი სადგურები აშენდა, ანუ 1966 წლიდან.

ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაგეგმა, რომლებიც 2020 წლის ივლისში დასრულდება.

მერიის მონაცემებით, თბილისის მეტროში 2018 წელს 305 პრობლემა დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის დასაწყისიდან – ასი. ამასთან, 30% შემთხვევაში მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო.

თბილისის მეტროპოლიტენი სულ ორი ხაზისგან და 23 მოქმედი სადგურისგან შედგება.