,,აუტსაიდერი სოციალური ქსელი“ და ადამიანები, რომლებიც არ არიან „ისეთები, როგორც ყველა"

სოციალურმა ქსელებმა ბევრ ადამიანში მანამდე მიმალული ბევრი ნიჭი გამოამზეურა, ზოგისთვის იგი რომანის დაწერის ერთგვარი საბაბი და სტიმულიც კი გახდა. ბათუმელი გურანდა ნიჟარაძე ერთ-ერთი მათგანია.
Sputnik

ნიჭიერი ბათუმელი ხატმწერის რომანს „აუტსაიდერი სოციალური ქსელი“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი წიგნი, როგორც საუკეთესო დებიუტი, წარდგენილი იყო ლიტერატურულ პრემიებზე. მონაწილეობს ლიტერატურულ ფესტივალებში და ამჟამად ორ ენაზე ითარგმნება.

,,აუტსაიდერი სოციალური ქსელი“ და ადამიანები, რომლებიც არ არიან „ისეთები, როგორც ყველა"

– ქალბატონო გურანდა, როგორია სამყარო, საიდანაც თქვენ მოდიხართ და რის გამოც ამ თემაზე წიგნის დაწერის სურვილი გაგიჩნდათ?

– რატომ გამიჩნდა წერის სურვილი? ალბათ ეს ის არის, რასაც ვერასდროს ავხსნი. ერთ ჩვეულებრივ დღეს, მახსოვს, სახლში მოვედი, მივუჯექი მაგიდას და დავწერე: „იმ იშვიათ დღეთაგანია, როცა..." ყველაფერი ბრიტანეთით დაიწყო და გაგრძელდა უკრაინაში. თავიდანვე ვიცოდი, რომ ამბავი ბათუმში დასრულდებოდა. ავყევი წიგნის გმირების თვითნებობებს, რაც სამი წელი გაგრძელდა. ახლა, როცა წიგნი ხელში მიჭირავს, ყველაფერი საოცრება მგონია. მოკლედ რომ ვთქვათ, წიგნი სიყვარულზე, უფრო სწორად, თავად სიყვარულისა და სიცოცხლის სიყვარულზე და ჩვეულებრივი ადამიანების არაჩვეულებრივ ფიქრებსა და განცდებზეა...

,,აუტსაიდერი სოციალური ქსელი“ და ადამიანები, რომლებიც არ არიან „ისეთები, როგორც ყველა"

– მოდით, თავიდანვე დავაკონკრეტოთ, აუტსაიდერ სოციალურ ქსელში რას გულისხმობთ?

– აუტსაიდერი სოციალური ქსელი მაგიური რეალიზმია. შევეცადე რომანში მომეთხრო იმ ძვირფას ადამიანებზე, ვისაც ვერავინ შეცვლის და რომლებიც რეალურად არსებობენ ჩემ ცხოვრებაში. ეს არის წიგნი ადამიანებზე, რომლებიც „არ არიან ისეთები, როგორც ყველა". ბევრს ჰგონია, რომ ისინი ცხოვრების მიღმა, ანუ „აუტში“ არსებობენ. ჩემი გმირები ეძებენ ჭეშმარიტებას, უყვართ სიცოცხლე, უფრთხილდებიან ერთმანეთს და ბავშვობაში დადებულ პირობას არასდროს ღალატობენ. მათ უყვართ ლიტერატურა, პოეზია, ფერწერა, მუსიკა, ცეკვა, ბუნების ნაწილად აღიქვამენ საკუთარ თავს და იმ ქსელზე არიან მიერთებული, რომელსაც სამყარო და სამყაროს მელოდია ჰქვია. რაც მთავარია, მათ შენარჩუნებული აქვთ ბავშვური უნარი, როცა ყოფიერებაშიც შეგიძლია დაინახო მაგია. ახლა მეორე წიგნთან „ბრძოლაში“ ვარ. როდის დავასრულებ თვითონაც მაინტერესებს...

,,აუტსაიდერი სოციალური ქსელი“ და ადამიანები, რომლებიც არ არიან „ისეთები, როგორც ყველა"

– ცნობილია, რომ თქვენი დიდი პაპა რეჯებ ნიჟარაძე ექვთიმე თაყაიშვილთან მეგობრობდა...

– დიახ, რეჯებ ბეგ ნიჟარაძე, რომელიც ჩემი დიდი პაპაა, პირველი აჭარელი გახლდათ, ვინც საზღვარგარეთ მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება. ის აჭარის ავტონომიის იუსტიციის პირველი მინისტრი და ადვოკატთა კოლეგიის პირველი თავმჯდომარე იყო. 1917 წელს იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, მეგობრობდა ბევრ გამოჩენილ ქართველთან, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილთან. რაც შეეხება პროფესორ და მათემატიკოს სელიმ ნიჟარაძეს, ვისაც ჩემი პირველი წიგნი ეძღვნება, ჩემი ბაბუაა (მას წარსულ დროში ვერ ვახსენებ). საერთოდ, ბედის ნებიერა ვარ, იმიტომ რომ უფალმა მის ოჯახში გამაჩინა. ამაყი ვარ, რომ იგი ბათუმში დღემდე უყვართ, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი დიდი და უანგარო სიყვარული შეეძლო...

,,აუტსაიდერი სოციალური ქსელი“ და ადამიანები, რომლებიც არ არიან „ისეთები, როგორც ყველა"

– ვინ არის ადამიანი, რომლის თანადგომაც თქვენთვის სტიმულის მომცემია?

– მე აჭარის მწერალთა სახლში, ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქციაში ვმუშაობ. მინდა ერთ ადამიანზე, ბატონ დავით თედორაძეზე გითხრათ ორი სიტყვა: თუ მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმას ვაკეთებ, რაც ასე ძალიან მიყვარს, ეს ამ ღვაწლმოსილი ადამიანის დამსახურებაა. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ თანადგომისთვის, რომლითაც ის სტიმულს აძლევს ნიჭიერ ადამიანებს, მომავალ თაობას კი იმის რწმენას, რომ ნიჭიერება და საკუთარი საქმის სიყვარული ჩვენ ქვეყანაშიც ფასდება.

,,აუტსაიდერი სოციალური ქსელი“ და ადამიანები, რომლებიც არ არიან „ისეთები, როგორც ყველა"

– „ბათუმელობა ბრენდია“ – ეს თქვენი სიტყვებია...

– დიახ, ბათუმელობა მართლაც ბრენდია. მიყვარს ზღვის ტალღების ფონზე მოფუსფუსე ჩვენი ქალაქი, მიყვარს ბათუმური „მაკონდოს" წვიმა, ამ პატარა ქალაქის მზიანი ადამიანები, ჩემი ოჯახი, შვილები და მეგობრები, რომლებიც ამ ქალაქმა მაჩუქა. ვამაყობ, რომ მეც აქ გავიზარდე, თავი მომაქვს ჩვენი ქალაქით და „ბრენდივით" გავიძახი: მე ბათუმელი ვარ!..