ბათუმში მოზარდებმა მაღაზიები გაქურდეს

უწყების ცნობით, მხილებულ პირთა ასაკი 17-დან 22 წლამდე მერყეობს.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე სამი პირი ამხილეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, მხილებულ პირთა ასაკი 17-დან 22 წლამდე მერყეობს.

„სმაილის“ მაღაზიის ქურდობის ფაქტი გახსნილია

გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 20 აპრილს მხილებულმა პირებმა ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამას გარდა იმავე დღეს ბათუმში კიდევ რამდენიმე მაღაზია გაქურდეს.

ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.