მომლოცველებს უდაბნოს მონასტერთან არ უშვებენ – აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გზა გადაკეტეს

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მღვდელმსახურებსა და მომლოცველებს უდაბნოს მონასტრისკენ არ უშვებენ.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტა. მონასტერი საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს.

ინფორმაცია დავით-გარეჯში არსებულ ვითარებაზე თავდაპირველად მასმედიაში მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის (ონიანი) ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა. მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან სამი დღის წინ გადაადგილების ამკრძალავი ნიშნების დაყენება დაიწყეს.

Europa Nostra: დავით–გარეჯი საფრთხის ქვეშაა>>

არქიმანდრიტმა ეს მოვლენები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას დაუკავშირა, რომ აუცილებელია საზღვრის სადავო მონაკვეთებზე რაც შეიძლება მალე შეთანხმება და დელიმიტაციის პროცესის დასრულება. ეს საკითხი მან აზერბაიჯანში ვიზიტის დროს დასვა.

„დავით-გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრის ნახვის მსურველები ქედს მიღმა არ გაატარეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა მივმართეთ და აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, საკითხის დარეგულირებაზე ვმუშაობთ, რათა შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმების, ტურისტების, მრევლის გადაადგილება", – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მან ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ ემოციური განცხადებებისა და მოქმედებებისგან, რადგან ეს მხოლოდ ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს.

ზურაბიშვილი: „სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს...“

„იცით, რომ ჩვენ პერმანენტულად მოვითხოვთ მოცემულ მონაკვეთსა და საზღვრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე საკითხს გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება", – აღნიშნა კონსტანტინიდმა.

აღნიშნული სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოში მდებარეობს. კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება.

ქართულ ისტორიაში დავით–გარეჯს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ გარეჯის უდაბნოს მონახულება იერუსალიმში მომლოცველობას უდრის.