სამგორი–ვაზისუბანი, ახმეტელი–თემქა თუ სამება–მახათას მთა: სად გაჩნდება ახალი საბაგირო გზა

ამ დროისთვის თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – რიყის პარკიდან ნარიყალამდე და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისში ახალი საბაგიროების აშენება იგეგმება, შერჩეულია სამი არეალი, სადაც შესაძლებელი საბაგიროების პროექტის განხორციელება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

რამდენად ცვლის საბაგირო გზა თბილისის იერსახეს>>>

მერის სიტყვებით, მოცემული მიმართულებები მგზავრების დიდი რაოდენობის მომსახურებას შეძლებენ, სამომავლოდ კი საბაგირო გზები თბილისელებისთვის პოპულარულ საზოგადოებრივ ტრანსპორტად შეიძლება იქცეს.

თბილისში, შესაძლოა, ახალი საბაგირო გზა გაიხსნას

„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება: ეს არის სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათას მთა. შესაბამისად, გვჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ კვლევაზე, რომელიც დაახლოებით ხუთი თვე გაგრძელდება, სავარაუდოდ, 750 ათასი ლარი დაიხარჯება.

„დასახელდება პრიორიტეტი – სამი ჩამოთვლილი მიმართულებებიდან რომელი იქნება უფრო მეტად საინტერესო. შესაბამისად, 5 თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ", – განაცხადა კალაძემ.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, საბაგირო გზების პროექტების განხორციელების შემთხვევაში მას იგივე დატვირთვა ექნება, რაც მეტროს, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს.

ამ დროისთვის თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – რიყის პარკიდან ნარიყალამდე და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.

მაღლივი-ბაგების საბაგიროს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდება

თბილისში ასევე მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სამშენებლო კომპანია "საქსპეცტრანსმა"2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დაასრულა, თუმცა საბაგირო ამ დრომდე არ ამოქმედებულა.

2018 წლის ბოლოს დაიწყო აგრეთვე იმ საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის მთასთან დააკავშირებს. სამსაფეხურიანი საბაგიროს ქვედა სადგური თავისუფლების მოედანთან მდებარე სასტუმრო Luxury Collection-ის ბოლო სართულზე განთავსდება, რომელიც დაუკავშირდება ჯერ სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის პროექტს, ბოლოს კი – თაბორის ქედზე სასტუმროსა და გოლფ-კლუბს.

საბაგირო გზას საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა ექნება, რაც ნიშნავს, რომ მისით სარგებლობას შეძლებენ როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივი მოსახლეობა.