„საცობები“ ვაჟა-ფშაველას გამზირზე: რა პრობლემებს უქმნის მეტრო მძღოლებს

აღნიშნული შახტი მეტროს სავენტილაციო ფუნქციას ასრულებს.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის იმ მონაკვეთზე, სადაც მეტროს შახტია გაყვანილი, ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემას მოხსნის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მორიგი დათმობა თუ... კალაძე ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთ შანსს აძლევს

აღნიშნული შახტი მეტროს სავენტილაციო ფუნქციას ასრულებს. ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ შახტის ირგვლივ ტერიტორია შემოღობილია, რაც ტრანსპორტის მოძრაობას პრობლემას უქმნის.

„ჩემი თხოვნაა, საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს... ისე გავაკეთოთ, რომ სატრანსპორტო მოძრაობას ხელი არ შეეშალოს და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება პრობლემა არ იყოს", – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის სიტყვებით, კომპანია, რომელიც პრობლემის გადაჭრით დაკავდება, ტენდერის გზით გამოვლინდა. პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარს აჭარბებს. სამუშაოები უახლოეს დროში დაიწყება.

იგეგმება მოცემული შახტის გაღრმავება და გადახურვა, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს.

პარალელურად რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ საგზაო საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურებით, ლითონის მოაჯირები, ლითონის ცხაურები ხეებისთვის და სანიაღვრე სისტემა.