„ეს ციფრი უპრეცედენტოა" – რა თანხაა საჭირო ქართული სკოლების განვითარებისათვის

მთავრობის გეგმის თანახმად, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველ წელს ნახევარი მილიარდი ლარით გაიზრდება.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. იმისთვის, რომ საქართველოს სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტებს შეესატყვისებოდეს, სულ ცოტა, შვიდი მილიარდი ლარია საჭირო, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პირველი არხის ეთერში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წელს სახელმწიფო სკოლების მშენებლობასა და რემონტზე 80 მილიონი ლარი გამოყო.

განათლების მინისტრი: პრიორიტეტი ქართული სკოლის მოდელის შექმნაა>>

„წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები არის ყველა მიმართულებით. მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტებამდე რომ მივიდეს, მინიმალური გათვლებით, შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება", – განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, ასევე უნდა გადაწყდეს პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა.

„ასეთი რამ საქართველოში არ ყოფილა" - განათლების სამინისტრო სახელმწიფო სერტიფიკატს გასცემს

„ამაზე თუ არ ვიზრუნეთ, ძალიან რთული იქნება ჩვენ წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა", – აღნიშნა მინისტრმა.

ბატიაშვილის აზრით, მნიშვნელოვანი პრობლემების ჩამონათვალში ინფრასტრუქტურის გარდა შედის ასევე სკოლამდელი განათლება, უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი და რეგიონებში პროფსასწავლებლების ხელმისაწვდომობა, რომლებიც ძალზე პოპულარული გახდა.

„პროფესიული მიმართულება ძალიან პოპულარული ხდება. ბევრი ირჩევს პროფესიულ მიმართულებას და ჩვენი მიზანია, ყველა რეგიონში გავზარდოთ პროფესიული სასწავლებლების რიცხვი", – აღნიშნა ბატიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უპრეცედენტო ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, განათლების ბიუჯეტი წლიდან წლამდე გაიზრდება და 2022 წლისთვის მშპ-ის 6%-ს, ანუ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს.

„ეს ციფრი მართლაც უპრეცედენტოა. საქართველო მსოფლიო ათეულში იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მშპ-დან ასეთ დიდ პროცენტს გამოყოფენ განათლებისთვის", – აღნიშნა ბატიაშვილმა.

განათლების სისტემაში დაგროვებული პრობლემების გადასაჭრელად განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველ წელს 500 მილიონი ლარით გაიზრდება. ბატიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს სექტორს არსებული პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება განათლებაზე ბიუჯეტის მეოთხედი დახარჯოს

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხი წელი გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერი გახდეს. რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) ქვეყნის 22 რაიონში დამატებით 27 ახალ სკოლას ააშენებს. პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და მისი ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი ლარია.

სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროგრამის თანახმად, საქართველოს მთავრობა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განათლების სისტემის შეცვლას აპირებს. რეფორმა, პირველ რიგში, თავად საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება – ყველა მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. 2019 წელს სასკოლო და სკოლამდელ განათლებაზე გამოყოფილია 750,5 მლნ ლარი, ხოლო უმაღლეს განათლებაზე – 167 მილიონი ლარი.