„ისწავლე და დასაქმდი" – ახალი შესაძლებლობა თბილისელი ახალგაზრდებისთვის

თბილისელები უფასო პროფესიული გადამზადების კურსს ხუთ კოლეჯში გაივლიან.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. დაიწყო რეგისტრაცია ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული გადამზადების სამთვიან პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი", განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

გახდი პროფესიონალი მშენებელი ან ფერმერი: უფროსებს გადამზადების კურსებზე იწვევენ>>>

პროგრამა მერიის მხარდაჭერით მეორე წელია ხორციელდება. გასულ წელს პროექტში ათასამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, მათგან 80% დასაქმდა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

„ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაზეა მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან, რა პროფესიებს ითხოვს ბიზნესი და სად სჭირდება გადამზადებული კვალიფიციური ადამიანები. წელს ჩვენ ვიწყებთ პროექტს, რათა ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ ახლიდან გადამზადებაში და შემდეგ მივცეთ შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ბიზნესში, კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმდნენ", – აღნიშნა კალაძემ.

პროფსასწავლებლებში მსურველების რეგისტრაცია დაიწყო

მონაწილეების შერჩევას ხუთი კოლეჯი განახორციელებს. ძირითადი მიმართულებებია: მზარეული, ელექტრიკოსი, შემდუღებელი და ა.შ. დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მერიის ვებ-გვერდზე.

პროფესიული გადამზადების პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს 18 წლის, საბაზისო განათლების მქონე და თბილისში დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე. მან უნდა გაიაროს გასაუბრება არჩეული დარგის სპეციალისტთან. დოკუმენტების ჩამონათვალი არცთუ დიდია: წერილობითი განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი და დოკუმენტი მიღებული განათლების შესახებ.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული განათლება. ამ სფეროში მთავრობა რიგი არსებითი ცვლილების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.

დაინერგება იმ მოქალაქეების გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაამთავრეს საშუალო სკოლა, მაგრამ სურთ პროფესიული განათლების მიღება. ამისთვის შრომით ბაზარზე ვაკანსიები იქნება გათვალისწინებული.

მამუკა ბახტაძემ იცის, როგორ დაასაქმოს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები

დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ყველა ცვლილება, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში განხორციელდება, კერძო სექტორის ჩართულობით იქნება რეალიზებული.