აქცია ბათუმში: ელექტრომობილების მფლობელები შიმშილობით იმუქრებიან

ელექტრომობილების მეპატრონეები ალტერნატიულ შეთავაზებებს არ დათანხმდნენ
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ელექტრომობილების მეპატრონეებმა ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა ამ ფორმით გააპროტესტეს საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პირველი მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების მოძრაობა იკრძალება.

საკრებულოს შესაბამისი თხოვნით ბულვარის დირექციამ მიმართა და  მიზეზად ბულვარში ელექტრომობილების მიერ მოქალაქეთა დაზიანებების სიხშირე დაასახელა, რის გამოც წლის განმავლობაში ბულვარში მომხდარ შემთხვევებზე რამდენიმე ათეული საქმე აღიძრა. ელექტრომობილის შეჯახების გამო, ბულვარში ორი ტურისტი გუშინაც დაშავდა.

უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში: ტურისტებს ელექტრომობილი დაეჯახა

ელექტრომობილების მფლობელებმა დღეს  ქალაქის ბულვარში მუშაობის გაგრძელების უფლება მოითხოვეს.

„მზად ვართ, რეგულაციები დაწესდეს. შემცირდეს ელექტრომობილების რაოდენობა. უსაფრთხოების გარანტორი ვერ ვიქნებით, მაგრამ ვეცდებით. არ გავაქირავებთ ნასვამ პირებზე. გარანტია არც იმის გვაქვს, რომ აქედან სახლში ცოცხლები მივალთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თუ აქციის მონაწილეების  მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ელექტრომობილების პატრონები უკვე ბულვარის ადმინისტრაციის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას გეგმავენ.

ბულვარის დირექტორი კი დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

ელექტრომობილი დიზელისძრავიან მანქანაზე ბევრად მავნებელია: გერმანელი მეცნიერების დასკვნა >>

ელექტრომობილების მეპატრონეებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც შეხვდა.

„ჩვენ ავუხსენით, რომ ეს არის ბულვარის ადმინისტრაციისა და საკრებულოს კომპეტენცია, თუმცა მზადყოფნა გამოვთქვით, გვეშუამდგომლა მათთან ელექტრომობილებისთვის ალტერნატიული ადგილის გამოყოფაზე. შეთავაზებული იყო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. ასევე შევთავაზეთ, მოეძებნათ ადგილი, გარდა ბულვარისა“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ელექტრომობილების მეპატრონეები ალტერნატიულ შეთავაზებებს არ დათანხმდნენ.