რამდენმა ადამიანმა დატოვა დაგროვებითი პენსიის სისტემა

1 იანვრიდან 22 აპრილის ჩათვლით მოქალაქეების საპენსიო დანაზოგებს 1% დაემატება.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ამ ეტაპზე დაგროვებითი პენსიის სისტემა 2,9 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რაც სისტემაში ჩართული ადამიანების დაახლოებით 0,3%-ია, განაცხადა საქართველოს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

დაგროვებითი პენსიის დეტალები: ვინ იხეირებს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივით>>>

მისი ინფორმაციით, 22 აპრილის მონაცემების თანახმად, საპენსიო სისტემაში სულ 747,8 ათასი ადამიანია ჩართული. ამ ეტაპზე საპენსიო სქემაში ჩართულია 49,5 ათასზე მეტი კერძო კომპანია.

1 აპრილიდან საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ ადამიანებს, რომელთაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. მსურველებმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ საპენსიო სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს.

დაგროვებითი სისტემა მომავალში პენსიონრებისათვის მაღალი შემოსავლის წყარო იქნება

„გარკვეულ ეტაპზე სისტემიდან გასვლის უფლება აქვს 294,9 ათას ადამიანს", – აღნიშნა სურგულაძემ.

დღეისათვის საპენსიო ფონდის ანგარიშზე 145,5 მლნ ლარზე მეტია. მათ შორის, დარიცხული მოგება შეადგენს 784,3 ათას ლარზე მეტს. საპენსიო შენატანები და მოგება ერთად შეადგენს დაახლოებით 174,5 მლნ ლარს.

„აქ განსხვავება დაახლოებით 20-30 მილიონი ლარია. ეს იმის გამო, რომ კომპანიებმა თანხა გადმორიცხეს, თუმცა დეკლარაციები არ დახურეს. ეს ნიშნავს, რომ ეს თანხა ჩვენ სისტემაში კომპანიის ბალანსზე დევს, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავანაწილეთ ეს თანხა კონკრეტულ ადამიანებზე. ანუ, ისინი ჯერ ფონდის ნაწილი არ გამხდარან", – აღნიშნა სურგულაძემ.

მისი ინფორმაციით, 1 იანვრიდან 22 აპრილის ჩათვლით მოქალაქეების საპენსიო დანაზოგებს 1% დაემატება.

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, საპენსიო რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთ-ერთი მათგანი გრძელვადიანია და საპენსიო ასაკში მოქალაქეების ფინანსურ უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რათა მათ ღირსეული ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ.

საპენსიო სისტემის რეფორმა – მოლოდინი და რისკები...>>>

„რეფორმის მეორე მიზანი, რომლის რეალიზებასაც ჩვენ მოკლევადიან პერსპექტივაში ველოდებით, ეს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა. უახლოეს ორ წელიწადში ქვეყანაში საპენსიო დანაზოგების სახით დაახლოებით 1,5 მლრდ ლარს ველოდებით, ხოლო ექვს წელიწადში ეს თანხა, ჩვენი შეფასებით, 5 მლრდ ლარამდე უნდა ავიდეს", – განაცხადა სურგულაძემ.

სურგულაძის სიტყვებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად გაჩნდა საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

„ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ტემპის დაჩქარებას 3-4%-ით და შეიძლება უფრო მეტადაც. ეს თავის მხრივ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდის შემოსავლებს და იმ სოციალურ დახმარებას, რომელიც საქართველოში ძალზე დაბალია", – აღნიშნა სურგულაძემ.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ სახელმწიფო ამ სქემაში აღარ მონაწილეობს.