თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მთავრობის კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქციას 1 მაისს გამართავს, განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან.
გახარია: ხელისუფლება დაინტერესებულია უსაფრთხო შრომით>>>
მისი სიტყვებით, აქციის მიზანი საქართველოს ხელისუფლებისთვის უმუშევრობისა და, ზოგადად, მშრომელთა პრობლემების კიდევ ერთხელ შეხსენებაა.
„შრომის უსაფრთხოების პირობები ირღვევა. მიზეზი დამსაქმებლების სიხარბეა. ადამიანები არ იცავენ სტანდარტებს, მუშაობენ ჩაფხუტების, უსაფრთხოების ქამრების გარეშე, კუსტარულად დამზადებული მიშენებებით, რომლებზეც დგანან და მუშაობენ", – განაცხადა პეტრიაშვილმა „Sputnik–საქართველოსთან" ინტერვიუში.
პეტრიაშვილის სიტყვებით, შრომის ინსპექცია, რომელმაც საქართველოში მუშაობა 2018 წლის აგვისტოდან განაახლა, არაეფექტურია. კანონის თანახმად, შრომის ინსპექტორებს ნებისმიერ ობიექტზე ან საწარმოში გაუფრთხილებლად შესვლისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმების უფლება აქვთ.
„შრომითი უფლებების კონტროლის არარსებობას შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევამდე მივყავართ. როდესაც ადამიანი 24-საათიან რეჟიმში, შაბათს და კვირასაც მუშაობს, რა თქმა უნდა, იგი ვერ იჩენს ისეთ სიფრთხილეს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები დაიცვას. სიღარიბე საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევაა და დამსაქმებლები ამით სარგებლობენ", – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისი სიტყვებით, მიმდინარე წელს მშენებლობებზე მუშაობის დროს 10 ადამიანი დაიღუპა, 11-მა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო. „ხოლო მათი სტატისტიკა, ვინც ტრავმა მიიღო და სიკვდილი არასამუშაო დროს დადგა, საერთოდ არ არსებობს", – განაცხადა პეტრიაშვილმა.
საქართველოში 2018 წელს სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა, მძიმე დაზიანებები მიიღო 37-მა. მუშების დაღუპვის ბოლო ფაქტი თბილისში 31 მარტს მოხდა. ჭავჭავაძის გამზირზე ყოფილი „ლეჩკომბინატის" შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი – 25 და 40 წლის მუშა ცოცხლად დამარხული აღმოჩნდა.
პეტრიაშვილის განცხადებით, ცალკე პრობლემაა უმუშევრობა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2018 წელს უმუშევრობის დონემ 12,7%-ს მიაღწია.
„დიდი პრობლემაა ახალგაზრდების დასაქმება. ქვეყანაში ახალგაზრდების 35% დაუსაქმებელია. საპენსიო (დაგროვებითი) სისტემის გამო დამსაქმებელი დემოტივირებულია დაასაქმოს ახალგაზრდა კადრი. უპირატესობას აძლევენ მათ, ვინც 40 წელს ზემოთაა", – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 1 იანვრიდან ამოქმედდა.