მსოფლიო დღეს

პირველად კაცობრიობის ისტორიაში: დედამიწაზე ბავშვებზე მეტი მოხუცი ცხოვრობს

გაეროს მონაცემებით, დედამიწაზე ამჟამად 65 წელს გადაცილებული 705 მლნ ადამიანი და 5 წლამდე ასაკის 680 მლნ ბავშვი ცხოვრობს.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. გაეროს მონაცემებით, 2018 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში 65 წელს გადაცილებულთა რაოდენობა რამდენადმე აღემატებოდა 5 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობას, იუწყება BBC.

გამოცემის ცნობით, დედამიწაზე ამჟამად 65 წელს გადაცილებული 705 მლნ ადამიანი და 5 წლამდე ასაკის 680 მლნ ბავშვი ცხოვრობს.

სპეციალისტების თქმით, 2050 წლისთვის ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება და ერთ ხუთ წლამდელზე ორზე მეტი 65 წელს გადაცილებული მოვა.

დემოგრაფებმა კარგა ხნის წინ შენიშნეს და აკვირდებიან ტენდენციას, რომ ქვეყნების დიდ ნაწილში ადამიანები სულ უფრო მეტხანს ცოცხლობენ და სულ უფრო ნაკლები შვილები ჰყავთ.

მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 1960 წელს შობადობის კოეფიციენტი მსოფლიოში დაახლოებით ხუთ ბავშვს შეადგენდა ერთ ქალზე. ეს მაჩვენებელი 60 წლის შემდეგ ორჯერ შემცირდა – 2,4-მდე. 

ახალგაზრდებს ოჯახის შექმნა უჭირთ – დემოგრაფები განგაშს ტეხენ

ამასთან, საზოგადოებრივ-ეკონომიკურმა განვითარებამ დადებითი გავლენა მოახდინა ჩვენ დროში დაბადებულებზე. მაგალითად, თუ 1960 წლისთვის ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52 წელზე ოდნავ მეტი იყო, 2017 წლისთვის 72 წელიწადს მიაღწია.

დემოგრაფები გვაფრთხილებენ: დაბერებული მოსახლეობის ეფექტის შესამსუბუქებლად სახელმწიფოებმა ასაკოვანი ადამიანების ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელი ადამიანები უფრო დიდხანს ინარჩუნებენ შრომის უნარს, ამასთანავე მცირდება დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე.

შრომის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების თქმით, იმ ქვეყნების ეკონომიკაში, სადაც ქალები მამაკაცების თანაბრად შრომობენ, იშვიათად ხდება ჩავარდნები. ანუ, რაც მეტი ქალია დასაქმებული, მით უფრო სტაბილურია ეკონომიკაც.