„ავტომობილის მართვას პრინციპულად არ ვასწავლიდი": მელაძემ ავარიაში დაღუპულ შვილზე ისაუბრა

ავტოავარიის დროს გარდაცვლილი 15 წლის ნიკუშა ჯორჯაძის მამას სურს, რომ მისი შვილი იყოს ბოლო, ვინც ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირა.
Sputnik

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე, რომელსაც ერთი კვირის წინ ავტოავარიაში შვილი დაეღუპა, თვლის, რომ არასრულწლოვნებმა მაღალი სიჩქარის განვითარება მეგობრებისთვის თავის მოსაწონებლად სცადეს.

„ბავშვებმა თავისი ჭკუით შეარჩიეს ისეთი ადგილი, სადაც მისახვევ-მოსახვევი არ იყო. აბსოლუტურად სწორი გზა აირჩიეს და იფიქრეს, რომ განევითარებინათ გარკვეული სიჩქარე იმისთვის, რომ ამით შემდეგ თავი მოეწონებინათ თავის მეგობრებთან“, – ამბობს მელაძე.

მელაძის თქმით, მის შვილს მაღალი სიჩქარე არ უყვარდა და ვარაუდობს, რომ იმ დროს კომფორტულად არ გრძნობდა თავს.

„ალბათ არ მოსწონდა, რაც იმ მომენტში იქ ხდებოდა. უბრალოდ, როდესაც ოთხი თინეიჯერი შეიყრება, შენ შიშს ვერ გაამჟღავნებ“, – თქვა მელაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ .

„თავს ვერ ვპატიობ“ – ცნობილმა ავტომრბოლელმა ავარიაში ვაჟი დაკარგა

ნიკუშა უკანა სავარძელზე იჯდა. სავარაუდოდ, მოზარდი ფიქრობდა, რომ ეს ადგილი შედარებით უსაფრთხოა. მელაძის თქმით, მისმა შვილმა თეორიულად კიდევ ბევრი რამ იცოდა, თუმცა მანქანის მართვა არ იცოდა.

„პრინციპულად არ ვასწავლიდი მანქანის მართვას მანამ, სანამ სრულწლოვანი არ გახდებოდა. მე ყველაზე უფრო მეტად ვიცი, რა შეიძლება მოიტანოს ავტომობილის მართვამ. თუ მას ეცოდინებოდა კარგად მართვა, მაშინ ეს მისცემდა მას გარკვეულ გაბედულებას, რომ კიდევ უფრო სწრაფად ემართა ავტომობილი“, – ამბობს შვილმკვდარი მამა.

მევლუდ მელაძის ვარაუდით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც თინეიჯერების საბედისწერო „გასეირნება“ ტრაგიკულად დასრულდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავიდა, ამოყირავდა და ხეს შეეჯახა.

„თავში არაერთხელ დავატრიალე ეს კადრი. ყველა ჯერზე ვცდილობ, რომ ავაცილო იმ ხეს ჩემი შვილი... მინდა რომ ბოლო იყოს ჩემი შვილი, ვინც საავტომობილო შემთხვევას შეეწირა. არ ვიცი რა ამოავსებს ამ სიცარიელეს. დედის მდგომარეობის ახსნა შეუძლებელია. ისტერიულად უყურებს ერთსა და იმავე ფოტოებს, ვიდეოს და სთხოვს მის მეგობრებს, გამოუგზავნონ მისი შვილის ფოტოები, თუ რამე მოეპოვებათ, რომ უფრო მეტი უყუროს თავის შვილს“, – ამბობს მელაძე.

მევლუდ მელაძე დრიფტის ევროპის ჩემპიონატში 32 საუკეთესოს შორის მოხვდა

სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძისა და ყოფილი ჟურნალისტის სალომე გველესიანის ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. მათი 16 წლის შვილი თბილისთან ახლოს ავტოავარიას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა თბილისში ორშაბათს მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი თბილისში, ლისის ტბის მიდამოებში ხეს შეეჯახა. მანქანაში ოთხი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მათგან ერთი – მევლუდ მელაძის ვაჟი ნიკუშა, რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, დაიღუპა. სამი ახალგაზრდა საავადმყოფოში იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.