ზუგდიდში 10 უცხოელი ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს

შვიდი თვიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები საქართველოში უკრაინის მოქალაქესთან, იულია სუსლიაკთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილია 10 ბავშვი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში წითელა მძვინვარებს – ყოველდღე ათობით ადამიანი ავადდება

გავრცელებული ინფორმაციით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს საათებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

„წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათი არასრულწლოვანი პაციენტი შემოიყვანა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი სისუსტე. სავარაუდოდ, დიაგნოზი არის დაუზუსტებელი კვებითი ინტოქსიკაცია. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კვლევები“, - განაცხადა კლინიკის პედიატრმა მზია გერგედავამ.

ბავშვები საქართველოში უკრაინის მოქალაქესთან, იულია სუსლიაკთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ისინი შვიდი თვიდან 10 წლამდე ასაკის არიან.