„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების საქმე გახსნილია: პოლიციამ სამი პირი დააკავა

დაკავებულები 19 და 21 წლის მამაკაცები არიან
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლიანი თავდასხმა Liberty Bank-ზე – დაჭრილები არიან ბანკის თანამშრომლები

დაკავებულები 19 და 21 წლის მამაკაცები არიან. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს დილის საათებში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა „ლიბერთი ბანკის“ ვარკეთილის ფილიალს, იარაღის მუქარით გაიტაცა 2030 ლარამდე თანხა და მიიმალა. ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას.