ელისაშვილი: „ეს სამშენებლო ნებართვა ვინც გასცა, ის არის ქალაქის მტერი“

ნუცუბიძის ქუჩაზე 14 სართულიანი კორპუსის მშენებლობას მოსახლეობის ერთი ნაწილი აპროტესტებს, მეორე - მიესალმება
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისში ნუცუბიძის 26 ნომერში მოსახლეობის ნაწილი 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს, იუწყება Rustavi2.

აქციას სამოქალაქო მოძრაობის თავჯდომარე, ალეკო ელისაშვილი შეუერთდა. მისი თქმით, კორპუსის აშენება კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს.

ვნებები კოეფიციენტის ირგვლივ: თბილისში მშენებლობის წესები მკაცრდება

„აქ არ შეიძლება ამ კორპუსის აშენება. ორ კორპუსს შორის ან როგორ უნდა ააშენო, ზემოდან ხომ არ უნდა ჩამოსვან კორპუსი? ეს არის ამ ქალაქის მტრობა, რაც დაიწყო და რაც გრძელდება. კალაძეს როგორ არ რცხვენია, ძალიან მაინტერესებს. ეს სამშენებლო ნებართვა ვინც გასცა, ის არის ქალაქის მტერი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებთა მეორე ნაწილი კი კორპუსის მშენებლობას მოითხოვს, რადგან, მათი თქმით, მერია მათ ბარაკების ნაცვლად ახალი ბინების გადაცემას სწორედ მშენებარე კორპუსში დაპირდა.

„როგორც იქნა, დაადგა საშველი და გამოვიდა ეს დალოცვილი ნებართვა, რომ აშენდეს და ჩვენც რაღაც გვეღირსოს და გამოვიდნენ და დამიწყეს საპროტესტო აქციები, ჩვენ აბასთუმანი, ტყე და ჩიტების ჭიკჭიკი გვინდა აქაო“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა სამშენებლო კომპანიის ადვოკატი ვეფხვია გელაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მშენებლობა ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.

„მინდა, ვუპასუხო ბატონ ალეკო ელისაშვილს, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს მაგ ტერიტორიასთან. არც კი შეუსწავლია, რომ ის ნორმები, რომლებზეც ამახვილებს ყურადღებას, თუნდაც ამ პროექტით იქ როგორი სკვერია გათვალისწინებული, თუ ნახავს და დაინტერესდებიან, თუნდაც ის მოსახლეობა, ძალიან მომხიბვლელი იქნება მათთვის“, - განაცხადა ვეფხვია გელაშვილმა.

როგორ ავიღოთ მშენებლობის ნებართვა: სპეციალისტის რჩევები

2018 წელს თბილისში მშენებლობის წესის დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის მარტში ამოქმედდა ცვლილებები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“, რომლის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა ზოგიერთ შემთხვევაში ათჯერ გაიზარდა.

მშენებლობის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 3 ათასი ლარიდან 30 ათასამდე გაიზარდა.

თუ უკანონო მშენებლობა გაგრძელდება სამუშაოების შეჩერების დადგენილების მიუხედავად, პასუხისმგებელი პირი, 5 ათასის ნაცვლად, 50 ათასი ლარით დაჯარიმდება.

მიმდინარე წლის 15 მარტს დამტკიცდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვით ქალაქში იკრძალება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მატება. კ2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც საზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსიობას (შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს). ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე, რაც გენგეგმის დამტკიცებამდე ხშირად ხდებოდა.