ცოცხლად დამარხეს – დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი

დააკავეს კომპანიის „ხიმინჯ სერვის 2“ დირექტორი, რომელიც ყოფილი „ლეჩკომბინატის“ ტერიტორიაზე „სპეციფიკური სამუშაოების“ ჩასატარებლად დაიქირავეს.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს შსს–მ დააკავა კომპანიის „ხიმინჯ სერვის 2“ დირექტორი, რომლის მუშებიც ჭავჭავაძის გამზირზე ყოფილი „ლეჩკომბინატის“ შენობის გასამაგრებელი სამუშაოების დროს დაიღუპნენ, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უბედური შემთხვევა 31 მარტს მოხდა. შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა, რის შედეგად ორი – 25 და 40 წლის მუშა ცოცხლად დამარხული აღმოჩნდა.

გამოძიების ინფორმაციით,  მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაადგინა. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელია კომპანიის "ხიმინჯ სერვის 2" დირექტორი, 62 წლის ო. ც.

ვინ არის დამნაშავე თბილისში მშენებლობაზე მომხდარ ტრაგედიაში?

ის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობასა ან სხვა მძიმე შედეგს ითვალისწინებს. კომპანიის დირექტორს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომპანიამ „ლეჩკომბინატი №1“ ყოფილი სამკურნალო კომბინატის შენობა 2010 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 7,3 მილიონ დოლარად შეიძინა. 1930-იან წლებში აშენებულმა შენობამ მუშაობა 2000-იან წლებში შეწყვიტა. ახლა ამ ადგილზე ახალი სამკურნალო დაწესებულების აშენება იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტრო: ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო>>

უფრო ადრე კომპანია „ტრანსმშენმა“, რომელიც ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სპეციფიკური სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე მან დაიქირავა ქვეკონტრაქტორი კომპანია „ხიმინჯ სერვის 2“, რომელსაც უნდა უზრუნველეყო უსაფრთხოების წესები.

დაღუპული მუშები სწორედ ამ კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.