აჭარის ტელევიზიის დირექტორს იმპიჩმენტი გამოუცხადეს

მაუწყებლის ცუდ რეიტინგში მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიის აწ უკვე ყოფილი დირექტორი დაადანაშაულა.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. აჭარის ტელერადიოკომპანიის მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის დირექტორს ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

გადაწყვეტილებას ოთხმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგ წავიდა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მაუწყებლის დირექტორისადმი უნდობლობის საკითხი 10 აპრილს მრჩეველთა საბჭოს ორმა წარმომადგენელმა – გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ დააყენეს. რამდენიმე დღეში ტელერადიოკომპანიის დირექტორის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა აგრეთვე 103-მა თანამშრომელმა, თუმცა, ამასთან ერთად, ისინი ასევე გაემიჯნენ ჩხარტიშვილისა და დარცმელიძის პოზიციას.

„პრიორიტეტების შეუსრულებლობა საბჭოს პასუხისმგებლობის ნაწილია. ერთ-ერთი პრეტენზია დირექტორის მიმართ სწორედ პრიორიტეტების შეუსრულებლობაა. მრჩეველთა საბჭო იძულებულია იმდენად, რამდენადაც კომუნიკაციის შესაძლებლობას არის მოკლებული დირექტორთან, გაატაროს სხვა რაიმე ტიპის ღონისძიებები, რათა პრიორიტეტები შესრულდეს. მიმართოს ამ ძალიან არასასიამოვნო და უკიდურეს ფორმას“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

კიდევ ერთი მიზეზი, ჩხარტიშვილის თქმით, აჭარის ტელევიზიის რეიტინგის ვარდნა გახდა.

ბახტაძე: თავისუფალი მედია „ქართული ოცნების" დამსახურებაა

ამ ტელევიზიის მაყურებლის რაოდენობა 2016 წლიდან განახევრდა. ხოლო რეგიონში, სადაც ტელეარხს ყველაზე ძლიერი პოზიციები უნდა ჰქონდეს, მაყურებლის რიცხვი 63%-ით შემცირდა. თუ ასე გაგრძელდება, ტელევიზიას მაყურებელი არ ეყოლება, გაუგებარია, რატომ გამოიყოფა ფინანსები, აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

ის ამტკიცებს, რომ კაპანაძე დაუსაბუთებლად იყენებდა ბიუჯეტს, ამიტომ გაუგებარია, რა მიიღო ამით ტელერადიოკომპანიამ.

კაპანაძე დანებებას არ აპირებს. ის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

აჭარის ტელევიზია და რადიო 2013 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილია. ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მრჩეველთა საბჭოს მიერ კონტროლდება. საბჭოს კომპეტენციაში შედის დირექტორის დანიშვნა და მუშაობის პრიორიტეტების განსაზღვრა.