სომხეთი ბირთვული ნარჩენების გატანას საქართველოს გავლით აპირებს

სომხეთის ხელისუფლება ქართულ მხარესთან რუსეთში ტვირთის ტრანზიტის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სომხეთი გადამუშავებული ბირთვული საწვავის რუსეთში გატანას საქართველოს გავლით გეგმავს, იუწყება „Sputnik–სომხეთი" ენერგეტიკის სამინისტროს საკრედიტო და საგრანტო პროგრამების სამმართველოს უფროსზე ვარდან მარტიროსიანზე დაყრდნობით.

მზადება ბირთვული კატასტროფისთვის: დაიწყო უფასო იოდის აბების დარიგება

მარტიროსიანის სიტყვებით, აღნიშნული ტიპის ნარჩენების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა არ ხდება, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა წარედგინოს დასაბუთება იმის შესახებ, რომ ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ მოხდება.

„რუსეთის მხრიდან კომპანია უკვე შერჩეულია, რომელიც ნარჩენებს მიიღებს გადასამუშავებლად. ეს არის საწარმოო გაერთიანება Маяк-ი. ვიდრე ისინი მუშაობას დაიწყებენ, გააანალიზებენ გადამუშავებული საწვავის შემადგენლობას საცავში. ეს დაეხმარება სამუშაოს ღირებულების დაახლოებითი ფასის დადგენას", – განაცხადა მარტიროსიანმა სოჭში გამართულ ბირთვული ტექნოლოგიების საერთაშორისო ფორუმზე „ატომექსპო 2019".

საწვავის გატანას სომხეთი დამოუკიდებლად დააფინანსებს.

საქართველოში 2012 წელს მიიღეს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ", რომლის თანახმად, იკრძალება საქართველოს გავლით რადიოაქტიური ნარჩენების ტრანზიტი და ასევე იმპორტი. რაც შეეხება ექსპორტს, ის დაშვებულია მხოლოდ სპეციალური სახელმწიფო ნებართვის საფუძველზე.