თბილისში იარაღის არსენალი აღმოაჩინეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ ნივთმტკიცებად მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, კარაბინის სისტემის შაშხანა, სანადირო თოფი, გადაჭრილი თოფი, ორი მჭიდი და 232 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე 36 წლის მამაკაცი, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კარაბინის სისტემის შაშხანა, სანადირო თოფი, გადაჭრილი თოფი, ორი მჭიდი და 232 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. მეორე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას კი მაკაროვის სისტემის პისტოლეტია ამოღებული.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.