თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლ „გორდას" ქორეოგრაფმა დავით კაჭარავამ ისრაელიდან დეპორტაციის დეტალებზე ისაუბრა, სადაც ისინი ერთ-ერთ საბავშვო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.
ისრაელმა საბავშვო ანსამბლი „გორდა“ ქვეყანაში არ შეუშვა>>>
ამ დროისთვის საქართველოში რვა ადამიანი დაბრუნდა, ცხრა კი ისევ თელ-ავივის აეროპორტის სადეპორტაციო განყოფილებაში იმყოფება. ისინი სამშობლოში ოთხშაბათს დაბრუნდებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„მივდიოდით დაგეგმილი გასტროლით. საბუთებიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგში გვქონდა. როგორც კი ჩავედით თვითმფრინავიდან, მაშინვე გამოგვყვა აეროპორტის თანამშრომელი, მიგვიყვანა ერთ ოთახში, პასპორტები ჩამოგვართვა. გვითხრა – დაგველოდეთ აქ. ექვსი საათის მერე მოვიდნენ ჩვენთან და გვითხრეს, რომ ვიყავით არასასურველი სტუმრები. სხვა განმარტება არ ყოფილა", – აღნიშნა დავით კაჭარავამ საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
ამასთან, მან უარყო ინფორმაცია, რომ დეპორტაციის მიზეზი ის გახდა, რომ საბავშვო ანსამბლის დელეგაციის 17 წევრიდან ბავშვი მხოლოდ ხუთი იყო.
„ჩვენ სულ 17 ადამიანი ვიყავით – ბავშვები, მშობლები, ქორეოგრაფები. აქედან არასრულწლოვანი რვა ბავშვი იყო. მე იქვე მოვითხოვე წარმომადგენელი, ვინც გამოგვყვებოდა და დააკვირდებოდა ჩვენ კონცერტებს, მაგრამ არც ეს გააკეთეს", – განაცხადა დავით კაჭარავამ.
ქართულ საკონსულოს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურმა საზღვარზე შემოწმების მიზნით საქართველოს მოქალაქეების შეფერხების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ კვირას მიაწოდა.