თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ბზობის მიახლოებასთან ერთად საქართველოში კოლხური ბზის მოჭრის კონტროლი მკაცრდება, განაცხადა პრესკონფერენციაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.
საქართველოში მართლმადიდებლები კოლხურ ბზას და ასევე ბზის ტოტებს ბზობის კვირას აკურთხებენ. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლებია ატარებს კამპანიას „არ მოჭრა ხე“. ეს კამპანია განსაკუთრებით აქტიური ხდება ბზობის წინ, რადგან კოლხური ბზა საქართველოს ტყეების ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის წითელ წიგნშია შეტანილი.
„კოლხური ბზის მოჭრა კანონით ისჯება. ისჯება არამხოლოდ მოჭრა, არამედ მათი ნაწილების ბუნებრივ გარემოდან ამოღება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს“, - განაცხადა იორდანიშვილმა.
ბზის ტოტების მოჭრა, ამოძირკვა ან დაზიანება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს — აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. ჯარიმის გადახდასთან ერთად, კანონდამრღვევი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
სამინისტროს განცხადებით, ბზის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან. მაგრამ იმ კერძო ეზოების მფლობელებსაც, რომლებსაც ბზა მოჰყავთ, უნდა გააჩნდეთ სპეციალური ცნობა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა გასცემს. ამ ცნობის მეშვეობით შესაბამისი სამსახურები შეიტყობენ, კონკრეტულად სად არის მოყვანილი ბზა.
იორდანიშვილი მოუწოდებს მოსახლეობას შეიძინოს ქოთანში გაზრდილი ბზა და ამით ამ უნიკალური მცენარის გამრავლებას შეუწყოს ხელი. მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს თავი შეიკავონ კოლხური ბზის დაზიანებისა ან მოჭრისგან, განსაკუთრებით ტყის ფონდის ტერიტორიაზე.
„მოვუწოდებთ, რომ ნუ შეიძენენ ასეთ მოჭრილ ტოტებს, თუ არ არიან დარწმუნებულები, რომ ის კანონიერადაა მოპოვებული სანერგეთში ან კერძო საკარმოდამო ნაკვეთში. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, გამყიდველს მოსთხოვოს ასეთი ცნობის წარმოდგენა“, - განაცხადა იორდანიშვილმა.
საქართველოს სატყეო სააგენტოს სამსახურები 24-საათიან რეჟიმში, ახორციელებენ მონიტორინგს როგორც გზებზე, ასევე ტყის ტერიტორიებზე. იორდანიშვილის თქმით, თითოეული ფაქტი გამოვლენილი იქნება.
იორდანიშვილის თქმით, ყველაზე ხშირად კოლხურ ბზას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭრიან.
ამ დროისთვის კოლხურ ბზას გადაშენება ემუქრება პარაზიტი Cydalima perspectalis–ის, ანუ ბზის ალურას გავრცელებისა და ასევე რამდენიმე წლის წინ გაჩენილი დაავადების გამო, რომელიც მცენარეს ახმობს. ბზის გახმობა აჭარაში 2009 წელს შეამჩნიეს. შემდეგ კი დაავადება გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შენიშნეს.
საქართველოს სატყეო ეროვნული სააგენტო კოლხური ბზის შენარჩუნებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონებში ბიოლოგიური პრეპარატით 550 ჰექტრამდე ტერიტორიას ამუშავებს.
2016–2017 წლებში ბზის კორომების ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავებამ შედეგი უკვე გამოიღო: კოლხურმა ბზამ აღდგენა დაიწყო, მავნებლების რაოდენობა კი შემცირდა.