თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა გორში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეცოპერაცია გორში, ჭალის დასახლებაში დღეს ჩატარდა.
უწყების ცნობით, 12 აპრილს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის მიმართ ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა.
„პოლიციამ ბ.კ. 16 აპრილს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა იმ დროს, როდესაც მან მოქალაქეს 3,5 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ ათ შეკვრად დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა", – აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავებულის პირადი, დაკავების ადგილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია თანხა და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.