სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ბრალდებულები დაზარალებულს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი პირი ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

23 და 44 წლის ბრალდებულები წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი არიან. ერთი ბრალდებული გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, ხოლო მეორე - დაბა ბაკურიანში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოფელ დიღომში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს ყოფილი თანამშრომლის ვალის დაბრუნების მოტივით დაუკავშირდნენ და 2 ათას 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამომძალველებმა მოთხოვნილი ფული ერთ-ერთი მათგანის მეუღლის ანგარიშზე ჩაარიცხვინეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვას გულისხმობს და ითვალისწინებს 4-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას.