თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. აფხაზეთში 1992-93 წლებში ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშტების მოძიებისა და ამოცნობის პროცესი დაჩქარდება, განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პროგრამების კოორდინატორმა ლინა მილნერმა პირველი არხის ეთერში.
აფხაზეთის ომში გაუჩინარებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია>>
საქართველოს ტერიტორიებზე 1990-იან წლებსა და 2008 წლის აგვისტოში კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ 2,4 ათასზე მეტი ადამიანი დაიკარგა. წითელი ჯვრის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით 2010 წელს შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი, რომელმაც დაღუპულთა მოძიების პროცესი დაიწყო. ამ მექანიზმის მონაწილეები არიან ოფიციალური თბილისისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
„იმის გათვალისწინებით, რომ 2200-ზე მეტი ადამიანი ჯერაც გაუჩინარებულია, აუცილებელია მუშაობის დაჩქარება. დასახული გეგმის ფარგლებში მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ წელს 30-ზე მეტ სავარაუდო სამარხს შეისწავლიან და ადრე მოძიებული, მაგრამ დღემდე ამოუცნობი ნეშტების იდენტიფიცირებისთვის ერთობლივ ძალისხმევას გააძლიერებენ", – განაცხადა მილნერმა.
ამის შესახებ მილნერმა სტამბულში საკოორდინაციო მექანიზმის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროცესები და ადგილობრივი კადრების პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რათა უფრო ეფექტურად გადაიჭრას დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებული საკითხები.
მექანიზმის ამუშავებიდან, ანუ 2010 წლიდან სულ აღმოჩენილია 431 ადამიანის ნეშტი. აქედან ჯერ მხოლოდ 163 ადამიანის ამოცნობა მოხერხდა.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.