თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა 19 მაისს დაგეგმილი არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
პოლიციამ ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ სამი წევრი დააკავა>>>
ასე გამოეხმაურა მათიკაშვილი ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამი წევრი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი ანა წითლიძე და პარტიის პრეს-სამსახურის უფროსი გიორგი პატარაია მალე გაათავისუფლეს, ხოლო აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, რადგანაც მან სამართალდამცველების შეურაცხყოფა პოლიციის განყოფილებაშიც გააგრძელა. სასჯელის ზომას სასამართლო დაადგენს.
მათიკაშვილის სიტყვებით, ინციდენტის დროს სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია და მთლიანად ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნები მშვიდობიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ეს ჩვენი ხელისუფლების მიზანია", – განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს, თუმცა, მისი სიტყვებით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკუთარი მომხრეების დაკავებას პროვოკაცია უწოდეს და მომხდარი ზუგდიდში დაგეგმილ მერის არჩევნებს დაუკავშირეს, სადაც მერობის კანდიდატად „ნაცმოძრაობამ" საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი დაასახელა.
საქართველოში 19 მაისს გაიმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ რაიონში – ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.