თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოში კერძო კომპანიებში ავტომობილების საერთო რაოდენობის 6%-ია დაზღვეული, იუწყება ტელეკომპანია Imedi დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ტელეარხის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში დაზღვევის მაჩვენებელი 5,5%-დან 6%-მდე გაიზარდა. ამჟამად საქართველოში სულ დარეგისტრირებულია ერთ მილიონზე მეტი ავტომობილი.
საქართველოში უცხოურნომრიანი ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდა>>
სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში გაიზარდა კერძო სამედიცინო დაზღვევის რაოდენობაც. ასეთი დაზღვევით საქართველოში ქვეყნის მოსახლეობის 15% სარგებლობს. 2018 წლის ბოლოს მდგომარეობით, აქტიურია 549,7 ათასზე მეტი სამედიცინო დაზღვევის პოლისი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,4 ათასით მეტია.
2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დარეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, რომელთა სუფთა მოგება, გასული წლის შედეგებით, ორჯერ გაიზარდა და მან 42,1 მლნ ლარი შეადგინა.
ამჟამად საქართველოში დაზღვევის ყველაზე გავრცელებული სახეობაა სახელმწიფო ფორმა – ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.
საყოველთაო დაზღვევის საბაზისო პაკეტი ითვალისწინებს შეღავათებს ამბულატორიულ მომსახურებაზე, ექიმთან უფასო ვიზიტსა და გადაუდებელ და სასწრაფო დახმარებას ნებისმიერ შემთხვევაში, ასევე უფასო მშობიარობასა და გარკვეულ შეღავათებს ორსულობის პერიოდში.
რა ინიციატივით გამოდიან კერძო სადაზღვევო კომპანიები>>
დაზღვევის დამატებითი პაკეტი გათვლილია ექვს წლამდე ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, სტუდენტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ვეტერანებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. მათთვის სამედიცინო მომსახურება მთლიანად უფასოა.
გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს აივ-ინფექციის, დიაბეტის, С-ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, ონკოდაავადებების (ბოლო სტადია), იშვიათი დაავადებების მკურნალობას.