ქართველი მოჭადრაკე ქალები ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ

ევროპის ჩემპიონატის შედეგებით საუკეთესო 14 მოჭადრაკე ფიდეს მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. რვა ქართველი მოჭადრაკე ქალი მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში ჭადრაკში, რომელიც თურქეთის კურორტ ანტალიაში დაიწყო.

ტურნირში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე. ევროპის გასულ ჩემპიონატზე ძაგნიძემ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ორი წლის წინ ევროპის უძლიერესი მოჭადრაკე გახდა.

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ძაგნიძის კონკურენტები შეიძლება გახდნენ ოლგა გირია და ნატალია პოგონინა რუსეთიდან, უკრაინელი ანა უშენინა და ეკატერინა ატალიკი თურქეთიდან.

ტურნირის პირველ დღეს ძაგნიძე ტურნირის მასპინძელს ბეთულ იელდიზს დაუპირისპირდება.

კონტინენტის პირველობაზე მთლიანობაში 31 ქვეყნის 131 მოჭადრაკე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 60 ათასი ევრო. აქედან გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს.

ძაგნიძის გარდა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი არიან ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, სოფო ხუხაშვილი, მირანდა მიქაძე და ეკატერინე ფიფია.

მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ ნანა ძაგნიძე დასახელდა>>

ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და 23 აპრილამდე გაგრძელდება.