საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი საქართველოს პირველად ესტუმრება

მაისის დასაწყისში დაგეგმილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მორიგი ვიზიტი ერთობლივი პროგრამის შესრულების მსვლელობის შესწავლის მიზნით
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი საქართველოს მაისის მეორე ნახევარში ეწვევა, იუწყება პირველი არხი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელიც ახლა ვაშინგტონში იმყოფება, უახლოეს დროს მიიღებს მონაწილეობას საქმიან შეხვედრაში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის საქართველოში ვიზიტს მიეძღვნება.

საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ახალი სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება გულისხმობს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 166,3 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.

დარჩენილ თანხას საქართველო სამი ნახევარწლიანი მიმოხილვის წარმატებით დასრულების პირობით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიიღებს.

მესამე მიმოხილვა 2018 წლის დეკემბერში გასაჯაროვდა, მეოთხე მიმოხილვის მომზადება სსფ-ის შემდგომი ვიზიტის ფარგლებში მოხდება, რომელიც მიმდინარე წლის აპრილ-მაისშია დაგეგმილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მორიგი ტრანში დაუმტკიცა >>

დღემდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში 2005 წელს იმყოფებოდა, ფონდის მაშინდელმა დირექტორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან არსებული ჰოლანდიური ჯგუფის წევრ ქვეყნების ფინანსთა მინისტრების და სახელმწიფო ბანკების მმართველების ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაში.