სასიამოვნო მოულოდნელობა: თბილისში ახალი ავტობუსების მძღოლებად ქალები იმუშავებენ

ამჟამად თბილისში 20-ზე მეტი სერტიფიცირებული ქალი მძღოლი მუშაობს.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. კიდევ ექვსი ქალი დასაქმდება თბილისში სამარშრუტო ავტობუსების მძღოლის პოზიციაზე, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის თქმით, ქალები დასაქმდებიან ახალი ავტობუსების მძღოლის პოზიციაზე. ავტობუსებს თბილისში უახლოეს დღეებში შემოიყვანენ.

თბილისში „ღამის ავტობუსები“ მუშაობას განაახლებენ

 „მათ დანარჩენი ქალი მძღოლების მსგავსად, გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს, რომელსაც „სატრანსპორტო კომპანიისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ვახორციელებთ. აღნიშნული გადამზადების პროგრამა დღეისთვის 21 ქალს აქვს გავლილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმეტესობამ ეს სიახლე მოიწონა და სასიამოვნო მოულოდნელობა უწოდა.

ქალებისთვის გადამზადების პროგრამა ამოქმედდა შარშან „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში. პროექტი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ქალებს D კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობა მიეცათ. კურსი და მართვის მოწმობის აღების ღირებულება პროექტმა დააფინანსა.