ხანძარი თბილისში: მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს

ცეცხლი ხის გადამამუშავებელ საამქროში 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ხანძარი თბილისში, 300 არაგველის ქუჩაზე ლიკვიდირებულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ცეცხლი კომპანია „ვუდსონ ჯორჯიას" ხის გადამამუშავებელ საამქროში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის დროს შენობაში არავინ ყოფილა.

თბილისში ხანძარმა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. ადგილზე იმყოფებოდა საამქროს პატრონი ნოდარ თუშიშვილი. როგორც ის ამტკიცებს, შენობაში ელექტროგაყვანილობა სრულ წესრიგში იყო. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შენობაში ელექტროენერგია ცენტრალური სისტემიდან ითიშებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ცეცხლის გაჩენის გზით ქონების დაზიანების ან განადგურების მუხლით. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.