საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორებს დაამონტაჟებენ

თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას გაზის მოწყობილობების გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. რეგულაციები ბუნებრივი აირის გამოყენებასთან დაკავშირებით გამკაცრდება, ხოლო საცხოვრებელ კორპუსებში გაზის გაჟონვის დეტექტორები დამონტაჟდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

აფეთქება გუშინ დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მესამე სართულზე მდებარე ბინაში გაზის გაჟონვა გახდა. ბინა გაქირავებული იყო. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

აფეთქება თბილისში: „ყაზტრანსგაზი“ მიზეზებზე საუბრობს

მერის განცხადებით, მოლაპარაკებები ჰქონდათ შესაბამის სამინისტროებთან. მერიამ რეგულაციების გამკაცრება მოითხოვა. ისინიც თანახმა არიან და ერთობლივი ძალისხმევით ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

მერმა თბილისელებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად საცხოვრებელ კორპუსებში დამონტაჟდება სპეციალური სენსორები, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში სიგნალიზაციას ჩართავს.

„ვფიქრობ, აუცილებელია შესაბამისი სენსორების დაყენება. ეს უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. თუ მოხდება აირის გაჟონვა, ჩაირთვება სიგნალიზაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდანაც მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა", – აღნიშნა კალაძემ.

გაზზე მომუშავე მოწყობილობების ექსპლუატაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია თბილისში. იანვრის შუა რიცხვებში დიდ დიღომში გაზის გაჟონვას მოჰყვა აფეთქება, რომლის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. რამდენიმე დღეში, 31 იანვარს შვიდი ადამიანი მხუთავი აირით გაიგუდა ისნის რაიონში.

აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში – ფოტოები შემთხვევის ადგილიდან>>

მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში „ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლებმა 2,5 ათასზე მეტი პოტენციურად საშიში მოწყობილობა ჩახსნეს სისტემიდან.