თბილისის ქუჩებს 9 აპრილს დაღუპული ქალების სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულო ჩაატარებს საგანგებო სხდომას, რომელიც ქუჩების გადარქმევის საკითხს მიეძღვნება
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. თბილისის ექვს ქუჩას 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება, იუწყება პირველი არხი.

საქართველოში 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. 1989 წლის 9 აპრილს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.

როდის არის აღდგომა 2019 წელს

თბილისის ქუჩებისთვის 9 აპრილს დაღუპულთა ქალების სახელების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში 9 აპრილს აღნიშნული საკითხის საჯარო განხილვა გაიმართება.

კერძოდ, კომისიის ინიციატივით გათვალისწინებულია, რომ ჩუღურეთის რაიონში ექვს უსახელო ქუჩას 9 აპრილს დაღუპულთა ქალების სახელი მიენიჭოს: მზია ჯინჭარაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძის, ელისო ჭიპაშვილის, თამარ მამულაშვილის.

თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი მოვლენების გამოძიების მიზნით სსრკ-ის სახალხო დეპუტატების ყრილობაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც სათავეში ანატოლი სობჩაკი ჩაუდგა. კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედროებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს.