ესპანელი პოეტები და მწერლები თბილისში ქართველ მკითხველებს შეხვდებიან

ლიტერატურული კვირის ფარგლებში ესპანელი მწერლები შეხვდებიან მკითხველებს და ქართველ კოლეგებთან დისკუსიებს გამართავენ
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ესპანელი მწერლები და პოეტები ეწვევიან საქართველოს დედაქალაქს ქართულ-ესპანური ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 16 აპრილს თბილისში გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი ტარდება >>

ღონისძიებას ატარებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. საქართველოში ელოდებიან თანამედროვე ბასკური ლიტერატურის ვარსკვლავს და წიგნის „ჯაზი ალასკაში“ ავტორს, არკაითს კანოს (Harkaitz Cano), პოეტესა ელენა მედელს (Elena Medel), მწერლებს პატრიცია ესტებან ერლესს (Patricia Esteban Erlés), ნიკოლას მელინის (Nicolás Melini) და სხვ.

საქართველო 2019 წელს პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი გახდება

ქართულ ლიტერატურას კვირეულზე წარადგენენ ისეთი ავტორები, როგორიცაა პაატა შამუგია, თეონა დოლენჯაშვილი და ანა კორძაია-სამადაშვილი. ღონისძიებებს ესპანურ და ქართულ ენებზე მთარგმნელი ირაკლი მენთეშაშვილი თარგმნის.

პირველი შეხვედრა 16 აპრილს მწერალთა სახლში მიეძღვნება თემას „პოეზია თანამედროვე ესპანურ და ქართულ ლიტერატურაში“, ასევე პოეტური საზოგადოების თავისუფლებას და გამოწვევებს. მეორე საღამოზე, 17 აპრილს წიგნის სახლ „ლიგამუსში“ შეკრებილი საზოგადოება იმსჯელებს ორივე ქვეყნის ლიტერატურის მოთხრობებსა და მათი დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ. მესამე ღონისძიებაზე 18 აპრილს Stamba's Books ავტორები ისაუბრებენ რომანებზე და მათ როლზე ქართულ და ესპანურ ლიტერატურაში. კვირეულის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

„ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეულის მიზანია, ქართული ლიტერატურისა და ავტორების ცნობადობის გაზრდა და ესპანურ ლიტერატურულ სივრცეში პოპულარიზაცია“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

წელს ესპანურენოვანი ღონისძიებები სექტემბერშიც გაგრძელდება, როდესაც თბილისს თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.