კალაძე: კუსტარულად დამზადებული გაზის გამათბობლები დიდი პრობლემაა, საჭიროა მეტი განმარტება

კალაძის განცხადებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მათი ცნობიერების ამაღლება.
Sputnik

თბილისი, 7  აპრილი - Sputnik. დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას თბილისი მერი კახა კალაძე გამოეხმაურა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კალაძის განცხადებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

აფეთქება თბილისში: „ყაზტრანსგაზი“ მიზეზებზე საუბრობს

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუმცა, ვფიქრობ უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო მოსახლეობასთან იმასთან დაკავშირებით, რომ კუსტარულად დამზადებული გაზის გამათბობლები არის ძალიან დიდი პრობლემა. საჭიროა მეტი ახსნა-განმარტება. რაც შეეხება გაქირავებულ ბინას, იქ ადამიანები ცხოვრობენ და შესაბამისად, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს თბილისში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, ცარიელი იყო. მეზობლების განცხადებით, ბინა ახლახან გაქირავდა. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია ფასადის კედელი, ჩამსხვრეულია ფანჯრების მინები, დაზიანდა ეზოში მდგომი ავტომობილები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.