რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ბებია, შვილი და შვილიშვილები მოიწამლნენ

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ექვსი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ოთხი ბავშვია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახში ბებია, შვილი და შვილიშვილები იმყოფებოდნენ.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და SOCARGAS-ის ეკიპაჟები.

რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 36 წლის მამაკაცი დაიღუპა

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა არასრულწლოვნები ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო უფროსები ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ექიმების  განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის რუსთავში.