ილია მეორე: გიორგი დანელიას სული მარადიული ცხოვრების გზის დასაწყისშია

გიორგი დანელიას 9 აპრილს მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გამოჩენილი რეჟისორის, გიორგი დანელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და მისი დამსახურება აღნიშნა.

„მთელი ღამე ვტიროდი...“ - კიკაბიძე დანელიას გარდაცვალების შესახებ >>

დანელია მოსკოვში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინორეჟისორის მეუღლის თქმით, მას გული გაუჩერდა. დანელიას 9 აპრილს მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„დღეს ბატონი გიორგის სული მარადიული ცხოვრების გზის დასაწყისშია.აღვავლენთ ლოცვებს, რათა მისი მსვლელობა ცათა სასუფევლისკენ იყოს მშვიდობიანი და დაიმკვიდროს ადგილი ღვთის საუფლოში“, - ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ურთიერთობები, ის ატმოსფერო, რასაც მის ფილმებში ჩანს და იგრძნობა, ქართულ სულს, ქართულ ხასიათს თითქმის ყველგან ავლენს.

რეზო გიგინეიშვილი: დანელიამ გვიანდერძა „არ იდარდო!“

„ბატონმა გიორგი დანელიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი დროის ხელოვნების ისტორიაში. მართალია, მან მთელი ცხოვრება რუსეთში გაატარა და თავისი ნაღვაწი ამ ქვეყანაში შექმნა, მაგრამ სამშობლოს განცდა მას მუდამ თან სდევდა. ის ურთიერთობები, ის ატმოსფერო, რასაც მის ფილმებში ვხედავთ და ვგრძნობთ, ქართულ სულს, ქართულ ხასიათს თითქმის ყველგან ავლენს. ამიტომ, ითვლება ის რუს და ქართველ კინორეჟისორად“, - ნათქვამია წერილში.

ილია მეორემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისი ნამუშევრებით დანელია მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა.

„მის შემოქმედებაში თითქმის ყველა ქვეყნის, ყველა ეროვნების წარმომადგენელი თავისთვის ახლობელ გარემოს ნახულობს, რაც სიკეთისა და სიყვარულის, ერთგულების და ამასთან, ადამიანური სისუსტეების სევდანარევი ღიმილით წარმოაჩენს ხელოვანს, რაც მას თავისთავად მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს“, - წერია საპატრიარქოს  წერილში.

„დაგვემშვიდობა... და წავიდა“ – რობერტ სტურუა დანელიას ემშვიდობება >>

დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 თებერვალს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში. სამ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კომიდან გამოიყვანეს. მას შემდეგ ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებდა.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ იდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".