საქართველოში ქვეყნის არასწორი რუკების გავრცელება დასჯადი გახდება

საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ქვეყანაში წარმოებული და შემოტანილი რუკები კონსტიტუციის შესაბამისი იყოს
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. საქართველოს რუკების გამოცემა და გავრცელება, რომელზეც არ იქნება დატანილი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, გამოიწვევს როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სასჯელს - პარლამენტი აგრძელებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე, იუწყება პირველი არხი.

ჟენევის მოლაპარაკებები დასრულდა – რა განიხილეს საქართველომ და რუსეთმა >>

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემა, ასევე მსგავსი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა გამოიწვევს ჯარიმას ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

„არის გარკვეული პროგრესი" - შვეიცარიის ელჩი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე

მსგავსი ცვლილებების მიღების აუცილებლობა ავტორებმა - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა - ახსნეს კონსტიტუციის მოთხოვნებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი საზღვრების ხელშეუხებლობის გარანტია.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ავტორებს მისცა რეკომენდაციები შემუშავდეს შესაბამისი შესწორებები, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. შესწორებების თანახმად, დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 150 ლარიან ჯარიმას, ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.

საქართველომ რუსეთისგან აფხაზეთის მომარაგების მიზნით ელექტროენერგია შეიძინა >>

„უკანასკნელ წლებში საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირი საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად ეწევა ქვეყნის ინტერესების საზიანო პროპაგანდას ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ხშირია ბეჭდური რუკის ან სხვა საგნების გავრცელების შემთხვევები, რომელზედაც საქართველოს ტერიტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გარეშეა გამოსახული“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა

სავარაუდოდ, ახალი კანონპროექტის ინიცირება 8 აპრილს მოხდება.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების სუვერენიტეტი აღიარა, ხოლო საქართველომ, ამის საპასუხოდ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

საქართველო რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მომხრეა, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.