ტყვია ბავშვების სისხლში - სად არის ყველაზე მძიმე სიტუაცია რეგიონების მიხედვით

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე 1600 ათასი ბავშვი გამოიკვლიეს
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე.

საიდან ხვდება სისხლში ტყვია: თბილისში კვლევა ჩაატარეს >>

გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით 2018 წელს საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობაზე 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების შემოწმება დაიწყო. ბავშვები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ლაბორატორიული კვლევა იტალიაში ჩატარდა.

სულ გამოკვლეულია 1600 ბავშვი. წინასწარი მონაცემებით, 16 ბავშვს სისხლი ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა. ყველა მათგანი დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს. დანარჩენ ბავშვებში მომატებული მაჩვენებელია.

საქართველოს ქალაქები, სადაც ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა ყველაზე მაღალია

კვლევის საბოლოო შედეგები მიმდინარე თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მქონე ბავშვებთან ექიმები ინდივიდუალურად მუშაობენ. გარემოს დაცვის ექსპერტები ტყვიის გავრცელების წყაროს დადგენის მიზნით ბავშვების საცხოვრებელ გარემოს, მათ შორის სახლს სწავლობენ.

„ამუშავდება სახელმწიფო პროგრამა, რომ ამ კვლევის შედეგების კიდევ უფრო ღრმა შესწავლა მოხდეს. რა არის ტყვიის მატების მიზეზი. ასევე მუშავდება დიდი სამთავრობო პროგრამა, პრემიერ-მინისტრთან უკვე ჩატარდა შეხვედრა და იქნება სხვადასხვა უწყებები ჩართული, რათა გრძელვადიანი პროგრამა შეიქმნას ქვეყანაში ტყვიის პრობლემის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, დღეს საქართველო დგას იმავე პრობლემების წინაშე, როგორც აშშ და ევროპა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში.

საიდანაა სახლებში ტყვია? მოხალისეები თბილისურ ოჯახებს შეისწავლიან >>

„მაშინ გრძელვადიანი პროგრამები იყო იმისათვის, რომ შემცირებულიყო ტყვიის შემცველობა. ჩვენი მდგომარეობა არ არის ძალიან საგანგაშო, მაგრამ ყურადღებას საჭიროებს. ჩატარდა ძალიან დიდი კვლევა და მისი დაწვრილებითი დამუშავება მიმდინარეობს“, - ხაზგასმით აღნიშნა იმნაძემ.

ბავშვების ორგანიზმში ტყვიის დონის მომატების მიზეზი შეიძლება გახდეს ჰაერი, ნიადაგი, სათამაშოები, წყალი და ა.შ.

ადამიანის ორგანიზმში არსებული ტყვიის გამოვლენა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში.