რას იტყვის მთავარი ბანკირი... ანუ როგორი იქნება კობა გვენეტაძის ვერდიქტი?

მოსალოდნელია თუ არა საბანკო რეგულაციების გამარტივება, რას ამბობენ დარგის სპეციალისტები და საბანკო სფეროს ექსპერტ-ანალიტიკოსები... რას იტყვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ტატამზე იხმეს?
Sputnik

სამსონ ხონელი

საკითხი არახალია, მოლოდინი გამძაფრებული! საბანკო რეგულაციების თემა აქტუალობას არ კარგავს. საკრედიტო დაწესებულებები და სპეციალისტები საფინანსო სექტორში ახალი წესების შემოღებიდან სამი თვის თავზე რეგულაციებში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორი იქნება დაკრედიტების ტემპები, არამედ – ახალ რეალობაში როგორ ჩამოყალიბდება კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა და საერთო პორტფელში რა ხვედრითი წილი ექნება ბიზნეს-სესხებს. სტატისტიკური მონაცემებით, საცალო დაკრედიტება დაახლოებით 65-75 პროცენტით შემცირდა. ლოგიკურია კითხვა, რამდენად ნეგატიურად აისახება ეს საბანკო სექტორზე და ქვეყნის ეკონომიკაზე?

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებებით, მკაცრი საბანკო რეგულაციების შემოღება გრძელვადიან სტრატეგიაზეა გათვლილი, წლის დასაწყისიდან მხოლოდ სამი თვის მონაცემებით შეფასება ან რაიმე დასკვნების გამოტანა არასწორია, რადგან შედარებითი სურათის მისაღებად ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, ხოლო ზოგადი ტენდენციის შესაფასებლად, სულ მცირე, ექვსი თვე მაინც არის საჭირო. სწორედ ამ დროის გასვლის შემდეგ უფრო ცხადად გამოჩნდება, თუ როგორია საკრედიტო პორტფელის სტრუქტურა და დაკრედიტების ტემპები. დაკრედიტების ზრდის საშუალო მაჩვენებლის შემცირება მოსალოდნელი იყო და არც არაფერი კატასტროფული აქ არ ხდება. შესაბამისად, ნაკლებად არის მოსალოდნელი ამ რეფორმამ ეკონომიკაზე იქონიოს რაიმე სერიოზული ნეგატიური ზეგავლენა... საბანკო რეგულაციები სხვა ქვეყნებშიც შემოიღეს და კატასტროფა არსად მომხდარა, გარკვეული სახის პრობლემები საწყის ფაზაში ყველგან იყო, მაგრამ შემდგომში საკრედიტო პორტფელი ახალ რეგულაციებზე ბუნებრივად გადაეწყო...

კვირა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება: ოცნებების ასრულება იწყება?!

ანალიტიკოსი შოთა გულბანი: „თებერვალში, იანვართან შედარებით, საკრედიტო პორტფელის ზრდამ მხოლოდ 0.2 პროცენტი შეადგინა, მაგრამ ანალიზისათვის გაცილებით ზუსტ სურათს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარება უფრო იძლევა. აქ კი ზრდა 15 პროცენტია, რაც არცთუ ისე მცირეა. რეალურად, პრობლემა ისაა, რომ ბანკებს უწევთ არსებული ბიზნეს-მოდელების გადაწყობა, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო წლებში, საცალო დაკრედიტების ზრდის პრიორიტეტებზე იყო აგებული. ვალაუვალობის და ვადაგადაცილებული სესხების ზრდაც დიდწილად ამის შედეგი იყო...“

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დაკრედიტების ზრდა ეკონომიკის ზრდასთან მიმართებაში დადებით კორელაციაშია. არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ერთ ნაწილში დაკრედიტების ზრდა აღემატება ეკონომიკის ზრდის ტემპებს. ევროზონის ქვეყნებში, გასული წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტისა და საბანკო კრედიტის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლებიც პრაქტიკულად თანაბარია. ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან შედარებით მაღალი კორელაცია აქვს საფრანგეთსა და შვედეთს. ნიშანდობლივია, რომ აზიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნებისთვისაც კი (ინდოეთი, ჩინეთი), სადაც ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი სამჯერ აღემატება ევროზონის ქვეყნების წლიური ზრდის დონეს, დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის ზრდას მხოლოდ 1.8-ჯერ აღემატება. იგივე შეიძლება ითქვას სხვა განვითარებად ქვეყნებზეც. საინტერესოა, ამ მხრივ საქართველოში რა ვითარებაა?

ვიქნებით თუ არა ხვალ?!

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „ჩვენ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მივიღებთ 2015-2017 წლების პერიოდს, ეკონომიკის ზრდამ საშუალოდ 3.56 პროცენტი შეადგინა, ხოლო ბანკების საკრედიტო პორტფელი ამავე პერიოდში საშუალოდ 20 პროცენტით არის გაზრდილი. რეალური ზრდა კი, ინფლაციის გამოკლებით, 15.3 პროცენტს შეადგენდა, ანუ საფინანსო სექტორში დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის რეალურ ზრდას აღემატებოდა! თვით სწრაფად განვითარებად ქვეყნებშიც კი თანაფარდობა მაქსიმუმ ორის ფარგლებშია. ამიტომ ეროვნული ბანკის და მთავრობის პასუხისმგებლიან დაკრედიტების მოდელზე გადასვლის სტრატეგია დროული და გამართლებულია. უნდა გვესმოდეს, რომ საკრედიტო ექსპანსიის ტემპები იყო მაღალი რისკების მატარებელი, რადგან ბიზნეს-დაკრედიტების ტემპების შემდგომი შენელება და საცალო დაკრედიტების ზრდა ისედაც ატარებდა მაღალი ლიკვიდობის რისკებს, და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდებოდა, ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ ნეგატიურად აისახებოდა...“

ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც საკმაოდ მაღალია კომერციული ბანკების მსესხებელთა რაოდენობა. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ათას ზრდასრულ მოსახლეზე მსესხებელთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე მაჩვენებელი გვაქვს თურქეთის შემდეგ... თუმცა იმავე თურქეთში დაკრედიტების ტემპების ზრდა 2017 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4-პროცენტიანი ზრდის პირობებში, მხოლოდ 2.4 პროცენტი იყო!

NO! ანუ უსაფრთხო ქვეყნიდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა პერსპექტივა...

მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები საბანკო რეგულაციებში? − ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს თანაბრად აწუხებთ საბანკო სფეროში, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიებში. მიზეზი, როგორც ადრე მრავალჯერ ითქვა, საგრძნობლად შემცირებული საცალო დაკრედიტება და განახევრებული ვაჭრობაა. ახალ რეალობაში არც მენაშენეებს ულხინთ. ისე, სოციალურ ქსელშიც ბევრი უჩივის გამკაცრებულ საკრედიტო პოლიტიკას...

საერთო სახალხო, საყოველთაო უკმაყოფილების მიუხედავად, ჯერჯერობით ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ჯიუტად „თავისას აწვება“. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ ამ „მიწოლას“ ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მიესალმება და მხარს უჭერს. მათი შეფასებით,

ამ ეტაპზე რეგულაციების გამარტივება გონივრული არ არის. პროცესებს სჭირდება დაკვირვება და განვითარება. ამ ტიპის რეფორმებისას საკრედიტო დაწესებულებებს მოუწევთ ახალ ბიზნეს-მოდელებზე გადასვლა, რაც, ბუნებრივია, ახალ მიდგომებს და გარკვეულ დროს მოითხოვს...  

ჭარბვალიანობა ახრჩობს, კრედიტებზე წვდომის შეზღუდვა გუდავს: არსებობს თუ არა გამოსავალი

ექსპერტები აცხადებენ, რომ ბანკებს ბიზნესთან ურთიერთობაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა სჭირდებათ. დღეს არსებული სტანდარტული დაკრედიტების მოდელები დროის მოთხოვნებს აშკარად ვეღარ პასუხობს, რადგან ეს მოდელი კონსერვატულ მიდგომაზე, კერძოდ, მთლიანად უძრავი ქონების ღირებულებაზეა რეალურად მიბმული და ნაკლებად ფულადი ნაკადების საპროგნოზო მაჩვენებლებზე. ეს თანაბრად ეხება და აფერხებს როგორც დამწყები ბიზნესის, ისე მოქმედი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიზნეს-დაკრედიტების სტიმულირებისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება საკრედიტო საგარანტიო მექანიზმების სისტემაზე გადასვლას, რაც მთავრობის მიერ უკვე დაანონსებულია და ცალკე საუბრის თემაა...

ერთი სიტყვით, საკრედიტო სტრუქტურებისთვის დაწესებული რეგულაციების გამარტივება ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ვცხოვრობთ არაპროგნოზირებად გარემოში, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ის, რასაც არ ველით და პირიქით... არავის უწყის, როგორი იქნება მთავარი ბანკირის გზავნილი ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ტატამზე... დაველოდოთ, რას იტყვის კობა გვენეტაძე პარლამენტში დასმულ კითხვებზე საპასუხოდ...