ომბუდსმენი: საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიება კითხვებს იწვევს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების 16-ტომიანი საქმე შეისწავლა.
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მსვლელობა გააკრიტიკა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი მამის გარდაცვალების გამოძიებას მოითხოვს>>>

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, ჩატარებული გამოძიების შედეგების მიხედვით, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ექს-პრეზიდენტის ოჯახის განცხადებით, იგი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს.

2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ საქმის ახალი გამოძიება დაიწყო. 2015 წელს პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და ძიება გაგრძელდა 104-ე მუხლის მესამე პუნქტით – განზრახ მკვლელობა ჩადენილი დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

„საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებები მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორების, აღმსრულებლისა და დამხმარის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა", - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

„ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი“ – ივანიშვილი გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებაზე

სახალხო დამცველის აპარატმა 16-ტომიანი საქმე შეისწავლა, რომელიც მოიცავდა 1994 წლის 5 იანვრიდან 2018 წლის ნოემბრამდე პერიოდში გამოძიების მასალებს, ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნას.

„სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, ყურადსაღებია, რომ სამართალდამცველი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად", – ნათქვამია ანგარიშში.

ვის მხარეს დადგებიან პირველი პრეზიდენტის მომხრეები?>>>

ამავე დროს საქართველოს სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმად, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გაიზარდა 25-დან 30 წლამდე, რამაც გამოძიებას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა მისცა.

მარტის ბოლოს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა „ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი" უწოდა იმ ფაქტს, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია.

გამსახურდიას გარდაცვალების საქმე

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, ჩატარებული გამოძიების შედეგების მიხედვით, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 2015 წელს პროკურატურამ განაცხადა, რომ განაახლებს გამოძიებას მუხლით „მკვლელობა".

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გამო საქართველოში კანონი შეიცვლება

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან განდევნეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა. მაშინ ჩატარებული გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობდა, თუმცა გამსახურდიას მომხრეებმა და ოჯახის წევრებმა ეს ვერსია არ დაიჯერეს.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.