თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და სტაბილური პარტნიორია, განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში 224 პროექტი განახორციელა და 3,25 მლრდ ევროს ინვესტიციები დააბანდა.
საქართველო EBRD-თან ახალი ავტობუსების შეძენის საკითხს განიხილავს >>
როგორც მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში EBRD-ის საქმიანობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, პრემიერმა კი აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით EBRD საქართველოს მთავარი პარტნიორია.
„როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველო გეგმავს, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უახლოეს რამდენიმე წელიწადში დაასრულოს და გადაერთოს ისეთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, როგორიც განათლებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა აღნიშნა, რომ EBRD მზად არის, განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს მხარი დაუჭიროს.
საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, უნივერსიტეტის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა. რეფორმები ოთხ წელს გაგრძელდება და გამიზნული იქნება იმაზე, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრი და რეგიონის ლიდერი გახდეს.
სახელმწიფო სკოლების მშენებლობასა და რემონტზე მთავრობამ 80 მილიონი ლარი გამოყო. მხოლოდ 2019 წელს 22 რაიონში დაგეგმილია 27 ახალი სკოლის აშენება. მანამდე განათლების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ აღნიშნა, რომ სკოლების მშენებლობისა და რემონტის დროს ენერგოეფექტურ მასალებს გამოიყენებენ.