საქართველოს და აშშ-ს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

საქართველოში აპირებენ მოიზიდონ ამერიკელი ტურისტები, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადახდისუნარიანები არიან.
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყებას მნიშვნელოვანს უწოდებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს საჭირო ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება.

საქართველოს აეროპორტები: მგზავრთა ნაკადი მეოთხედით გაიზარდა >>

„აღნიშნული კვლევა დაგვეხმარება, მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რათა დროულად დაიწყოს ავიარეისები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, ერთიორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში ფულადი თანხების დახარჯვის შესაძლებლობის მქონე ახალი ტურისტების მოზიდვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

ხელისუფლებამ მოიფიქრა, როგორ აამაღლოს საქართველოში ტურისტების მომსახურების ხარისხი >>

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აშშ-ის მოქალაქეები მსოფლიოში მეორე ადგილზე არიან მოგზაურობაზე გაწეული დანახარჯების კუთხით. ამ მიზნით დახარჯული საერთო თანხა წელიწადში 135 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის

ამასთან, დღეისათვის აშშ-დან ტურისტების რაოდენობა მცირეა - 2019 წლის პირველ სამ თვეში აშშ-ის მოქალაქეებმა საქართველო დაახლოებით 6000-ჯერ მოინახულეს, ხოლო 2018 წელს - დაახლოებით 41,9 ათასჯერ.

2018 წლის მონაცემებით, ამერიკელი ტურისტი საქართველოში 8 დღე-ღამეში საშუალოდ 1100 ლარზე მეტს ხარჯავს. ამერიკელი ვიზიტორების ხარჯებმა 2018 წელს 47 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ყველა ვიზიტორის ხარჯების 0,03%-ს შეადგენს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირი რეისის არსებობა საქართველოდან მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოვიზიდოთ მგზავრთნაკადი და პოტენციური ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან - სომხეთი, აზერბაიჯანი (მოსაზღვრე ქალაქები) ისევე როგორც სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებსაც დღევანდელ დღემდე არ გააჩნიათ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ამერიკიდან მგზავრთნაკადის გაზრდას და ტურისტების რაოდენობის საშუალოდ 30 % მატებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ახალი ტურისტული ადგილების განვითარება იგეგმება >>

აშშ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. საქართველოს და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით 520 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა 160 მილიონ დოლარს მიაღწია, იმპორტმა - 359,8 მილიონ დოლარს.