„ევროვიზია 2019"-ზე საქართველო მეთერთმეტე ნომრით გამოვა

საქართველოს წარმომადგენელი „ევროვიზიის" სცენაზე პირველი ნახევარფინალის მეორე ნაწილში გამოვა.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2019" საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე მე-11 ნომრით გამოვა, ნათქვამია „ევროვიზიის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში წარდგება.

„ეს მასშტაბური იქნება“ - საქართველოში „ევროვიზია 2019-სთვის“ კლიპს იღებენ>>>

აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარფინალს კვიპროსის წარმომადგენელი, ქართველი თამთა გოდუაძე (Tamta) გახსნის სიმღერით Replay, ხოლო საღამოს დაასრულებს სან-მარინოს წარმომადგენელი სერჰატი კომპოზიციით Say na-na-na.

საქართველო „ევროვიზია 2019"-ზე: ვინ არის ოთო ნემსაძე

ოთო ნემსაძის სასცენო იმიჯზე დიზაინერი გიორგი შაღაშვილი იზრუნებს. ქართველმა მომღერალმა უკვე დააკომპლექტა ბექვოკალი და ვიდეოკლიპის გადაღება დაიწყო. საკონკურსო სიმღერის კლიპში მონაწილეობენ ანსამბლ „შავნაბადას" მომღერლები და სპეციალურად შერჩეული 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპაჟი. ვიდეორგოლზე მუშაობს რეჟისორი გიორგი ებრალიძე. ვიდეოს პრემიერა ახლო მომავალში გაიმართება.

ოთოს ხუთივე ბექვოკალისტი, რომლებიც ევროვიზიის სცენაზე მასთან ერთად წარდგებიან, ანსამბლ „შავნაბადას" წევრია.

თამთა გოდუაძე ევროვიზიაზე კვიპროსს წარადგენს>>>

როგორც ადრე აღინიშნა, ქართული დელეგაცია „ევროვიზია 2019"-ზე 4 მაისს გაემგზავრება. 5 მაისს კი ოთო ნემსაძე პირველ რეპეტიციას გაივლის.

„ევროვიზიას" ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათიდან ნახავს.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა. 2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა" გამოუშვა.