ბათუმის ბულვარში მოსეირნე ძროხები „საჯარიმო სადგომზე“ გადაიყვანეს

პირუტყვის დასაბრუნებლად პატრონს 20 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ბათუმის ბულვარში გაზონზე მოსეირნე ცხრა ძროხა დააკავეს, ნათქვამია მუნიციპალური კომპანია „სანდასუფთავებას“ განცხადებაში.

სანდასუფთავების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა ძროხები დაიჭირეს და სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

ტყვეობიდან ძროხის გამოსახსნელად წესრიგის თითოეულ „დამრღვევზე“ მფლობელებს 20-50 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ჭყონია: საქართველოში ძროხები პირდაპირ გზაზე მრავლდებიან >>

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, შინაური ცხოველების უმეთვალყუროდ გაშვება ქალაქის ტურისტულ ზონაში 20-ლარიანი ჯარიმით დაისჯება, ხოლო პლაჟებსა და ქალაქის სკვერებში - 100 ლარით.

ნარგავებისა და მწვანე საფარის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.

ბათუმის ბულვარი საზღვაო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მისი სიგრძე 7 კილომეტრია, პირობითად მას „ახალ“ და „ძველ“ ბულვარად ყოფენ.

გერმანული სპერმა, თელავის მერია და „ლეიბორისტი" ძროხა >>

აღსანიშნავია, რომ 1 მაისიდან ბათუმის ბულვარზე, პარკსა და სკვერში ძროხების სეირნობის გარდა, მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება იკრძალება. ბულვარში მხოლოდ ქვეითად და ველოსიპედით გადაადგილება იქნება ნებადართული.