ტრაგედია თბილისში: მაშველებმა მეორე დაღუპული მუშის ცხედარი იპოვეს

მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მეორე მუშას რვა საათის განმავლობაში ეძებდნენ.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მაშველებმა იპოვეს მეორე მუშა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო სამუშაოების დროს მიწის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში მოჰყვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინციდენტი კვირა საღამოს, დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა. ერთი მუშის, 25 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მალევე იპოვეს.

ტრაგედია თბილისში: მაშველებმა მეორე დაღუპული მუშის ცხედარი იპოვეს

მეორე მუშის, 40 წლის მამაკაცის ცხედარს მაშველები თითქმის რვა საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო 35 მაშველი.

ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ყოფილი „ლეჩკომბინატის" შენობის ფუნდამენტს ამაგრებდნენ. რა გახდა მიწის ჩამოშლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

2018 წელს სამუშაო ადგილზე 39 ადამიანი დაიღუპა

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოებით ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.

ე.წ. „ლეჩკომბინატის" შენობა 1930-იან წლებში აშენდა. სამედიცინო დაწესებულებამ ფუნქციონირება 2000-იან წლებში შეწყვიტა. კომპანიამ „ლეჩკომბინატი№1" 2010 წელს საავადმყოფოს შენობა აუქციონზე შეისყიდა. ახლა ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა, მძიმე დაზიანებები მიიღო 37-მა.

2018 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც სამუშაო ადგილზე ადამიანის უსაფრთხოების წესების დაცვასა და ამის კონტროლს ითვალისწინებს. ამას გარდა, 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებლები ვალდებული არიან, დასაქმებულები უბედურ შემთხვევაზე დააზღვიონ.