თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს მაღაზიებში 1 აპრილიდან პოლიეთილენის პაკეტების გაცემა იკრძალება, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური.
პოლიეთილენის პარკების წარმოება-რეალიზაცია დასჯადი ხდება: სანქციები და ჯარიმები>>>
საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდა. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება და ასევე ყველა სახეობის პლასტიკური პაკეტების იმპორტი.
სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესახებ" ტექნიკურ რეგლამენტში. რეგულირების წესების დარღვევისთვის მეწარმე სუბიექტი პირველ ჯერზე 500 ლარით, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით დაჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ ასევე იკრძალება ოქსო-ბიოდეგრადირებადი პლასტიკური პაკეტების წარმოება. ამის პარალელურად სამინისტრო პლასტიკური და შუშის ბოთლებისთვის დეპოზიტების სისტემას ამუშავებს, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ბოთლების ჩაბარების შემთხვევაში თანხის მიღებას შეძლებს.
გარდა ამისა, ფართოვდება, მაგალითად, პაკეტების, აკუმულატორების, ზეთებისა და მსგავსი პროდუქციის მწარმოებლებისა და იმპორტიორების ვალდებულებები ნარჩენების მართვაზე.
პოლიეთილენის პაკეტის გამოყენება გლობალური მასშტაბის პრობლემაა. ბუნებაში მის დაშლას არანაკლებ 400 წელი სჭირდება.