საქართველოს მოქალაქეები ID-ბარათსა და ბიომეტრიულ პასპორტს უფასოდ მიიღებენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პერიოდულად ახორციელებს აქციას, რომლის ფარგლებშიც დოკუმენტების უფასოდ ან შეღავათიან ფასებში გაცემა ხდება.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 1 აპრილიდან უფასოდ შეძლებენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID-ბარათი) ჩანაცვლებას, აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

უწყების ინიციატივით, 1 აპრილიდან 1 მაისამდე მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ მიიღონ არა მარტო პირადობის მოწმობა, არამედ ბიომეტრიული საზღვარგარეთის პასპორტიც.

პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული საზღვარგარეთის პასპორტის უფასოდ მიღებას შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც მოცემულ მომენტში ქაღალდის ლამინირებულ პირადობის მოწმობას ფლობენ და ამ დრომდე მათ სახელზე დოკუმენტის ელექტრონული ვერსია არასდროს გაცემულა.

ქართული პასპორტი გაძლიერდა – რამდენმა ქვეყანამ გახსნა ჩვენთვის კარი ვიზის გარეშე

აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისთვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.

2012 წელს საქართველოში 3,1 მილიონი მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 749,5 ათასი ძველი ტიპის „ლამინირებული" დოკუმენტი მოქმედებს. ასეთი სახის დოკუმენტების ყველაზე დიდ რაოდენობას ფლობენ თბილისის მცხოვრებლები - 175,9 ათასი, შემდეგ მოდის იმერეთის რეგიონი – 125,4 ათასი, კახეთი და ქვემო ქართლი – 80-80 ათასი.

საქართველოს პასპორტი გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა>>>

ახალი პირადობის მოწმობის ღირებულება 30-დან 40 ლარამდეა, ბიომეტრიული პასპორტის – 100-დან 205 ლარამდე. ფასი დამზადების ვადებზეა დამოკიდებული.

2013-2018 წლებში 2,6 მილიონი დოკუმენტიდან დაახლოებით 1,5 მილიონი უფასოდ ან შეღავათიან ფასებში გაიცა.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.