არასრულწლოვანი მშობლები საქართველოში – სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში

საქართველოში ადრეული ქორწინების გამო 300-მდე მოზარდი სკოლას ვერ ამთავრებს.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. 2018 წელს საქართველოში 23 არასრულწლოვანი მამა და 715 არასრულწლოვანი დედაა დარეგისტრირებული, ნათქვამია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიში დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე წარედგინათ. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ადრეულ ასაკში ნიშნობა და ქორწინება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაცია აკრძალულია, ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები რჩება. პრობლემა წინა წელთან შედარებით ოდნავ შემსუბუქებულია – 2017 წელს არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობამ 825 ადამიანს მიაღწია.

სახალხო დამცველის აპარატში საუბრობენ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათთვის იმ რისკების შესახებ საუბრის აუცილებლობაზე, რაც ადრეული ქორწინებების თანმდევია.

საქართველოში შობადობა 4%-ით შემცირდა

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ასევე პრობლემაა სამართალდამცველი ორგანოების, სოციალური სამსახურებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების არაკოორდინირებული მუშაობა. გასულ წელს ადრეული ქორწინების სულ 115 შემთხვევა იქნა შესწავლილი, მაშინ, როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლა გაცილებით მეტმა პირმა მიატოვა.

ანგარიშის თანახმად, ადრეულ ასაკში ქორწინების გამო სკოლის დამთავრებას დაახლოებით 300 მოსწავლე ვერ ახერხებს. ამ მიზეზით 2015/2016 სასწავლო წელს 553 ათასი მოსწავლიდან სკოლის დამთავრება 460-მა გოგონამ და 68 ვაჟმა ვერ შეძლო. 2016/2017 წელს კი 564 ათასი მოსწავლიდან სკოლა 230-მა გოგონამ და 17-მა ვაჟმა ვერ დაამთავრა, 2017/2018 წელს – 151-მა გოგონამ და 22 ვაჟმა.

ადრეული ქორწინების გამო სკოლის დამთავრებას განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონის მოსწავლეები ვერ ახერხებენ, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.

საქართველოში არასრულწლოვანთა შორის ქორწინება 2017 წლის 1 იანვრიდან სრულიად არის აკრძალული. ადრე არასრულწლოვნებს ქორწინების დარეგისტრირება შეეძლოთ მშობლების წერილობითი თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში.